საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები – „ქართველები მეორე მსოფლიო ომში“

26 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ქართველები მეორე მსოფლიო ომში“ გაიხსნება. გამოფენა ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს. ექსპოზიციაზე, სადაც ეროვნული მუზეუმის აქამდე უცნობი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთებში ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს. ესენია: პირადი წერილები, სიგელები, მისალოცი ბარათები, მედლები, ორდენები. აგრეთვე, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ საბრძოლო იარაღებს – ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას, თოფებს, პისტოლეტებსა და სხვა.
მემორიალური ნივთებიდან გამორჩეულია სიმონ ჩიქოვანის მისალოცი წერილი გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძისადმი; კონსტანტინე ლესელიძის ორდენები, გენერალ ჯანჯღავას გმირის მედალი, ქართველი გენერლებისა და ოფიცრების საბრძოლო სამოსი. საბჭოთა არმიაში მებრძოლი ქართული ეროვნული დივიზიების, ასევე საფრანგეთსა და იტალიაში მებრძოლ ქართველ პარტიზანთა უნიკალური დროშები. აქვეა წარმოდგენილი ქართული სამედიცინო იარაღები. დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს იოსებ სტალინის პირადი ჩიბუხი და მისი 50 წლის იუბილისათვის დამზადებული სპილოს ძვლის ლარნაკი.
გამოფენის საზღვაო სექციაში აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის გმირის იაროსლავ იოსელიანის ცნობილი წყალქვეშა ნავის „მალიუტკას“ მაკეტი. ექსპონატთა შორის გამორჩეულია საბჭოთა კავშირის გმირის მფრინავ დავით ჯაბიძის საფრენოსნო კოსტიუმი/არჭურვილობა. ექსპოზიციას ისტორიულ ხაზად მისდევს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ვიდეო და ფოტო ქრონიკები. აგრეთვე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში დაცული მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, პოლიგონებზე გაკეთებული გრაფიკული ჩანახატები და ომის თემატიკისადმი მიძღვნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, მათ შორისაა ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, პორფირ კრილოვი, ზურაბ წერეთელი და სხვა. კერძო კოლექციიდანაა გამოფენილი ვერმახტის ქართული ლეგიონის სამკლავური ნიშანი, ვერმახტის კავკასიური საგანგებო დანიშნულების ბატალიონ ბერგმანის ემბლემა-ნიშანი კავკასიური ხანჯლის სახით – პირადი ნომრით 896, ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკიდან „ჩვენი სიმღერები“ და სხვა. მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანიის ჯარების პოლონეთში შეჭრით დაიწო და 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დამთავრდა.
ომში 60-ზე მეტი სახელმწიფო იყო ჩაბმული (მსოფლიოს მოსახლეობის 80%). საბრძოლო ოპერაციები სამ კონტინენტზე, 40 ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომში 34 მილიონ 500 ათასამდე საბჭოთა მებრძოლი იღებდა მონაწილეობას.
საქართველომ ფრონტის ხაზზე 700 ათასამდე მებრძოლი გაგზავნა, რომელთა შორის 16 ათასი ქალი, 60 გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური იყო. ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი შინ ვეღარ დაბრუნდა. არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღიათ ქართველ მეომრებს. ისინი იბრძოდნენ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო ნაწილების, პარტიზანული რაზმების შემადგენლობაში საბჭოთა თუ ევროპის ბევრი ქვეყნის მიწა-წყალზე. ომის დასკვნით ეტაპზე მრავალი ათასი ქართველი მეომარი მონაწილეობდა ბერლინზე შეტევაში. რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმართვის პატივი რუს მებრძოლ მ. ეგოროვთან ერთად წილად ხვდა ქართველ მზვერავს მელიტონ ქანთარიას. ომის განმავლობაში საქართველოდან 164 ადამიანს მიენიჭა გმირის წოდება. ქართველი მებრძოლები ასევე დაჯილდოვდნენ საფრანგეთის, იტალიისა და იუგოსლავიის ეროვნული გმირის წოდებებითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები