ეკა ბერიძე: მეგობრებო, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით

კომპანია “ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი ეკა ბერიძე წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცუეს უწოდებს.

როგორც ბერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, წყლის ანალიზი კეთდება ყველა უბანში, ყოველ საათში ერთხელ, სტიქიით დაზარალებულ უბნებსა და ქუჩებზე წყალი კი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა. ეკა ბერიძე დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას.

“მეგობრებო, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ქუჩაზე. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. წყლის ანალიზი კეთდება ყველა უბანში, ყოველ საათში ერთხელ. სტიქიით დაზარალებულ უბნებსა და ქუჩებზე წყალი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა. ნუ აყვებით ცრუ ინფორმაციას, რომელიც გამომდინარე იმ პიროვნებების ვინაობიდან, ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, შესაძლოა, იყოს პანიკის დათესვის სურვილი, იმ მიზნით, რომ დაამძიმონ ისედაც რთული ვითარება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასმელი წყალი არის აბსოლუტურად სუფთა. თუნდაც ოდნავი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, წყალი იკეტება და ინფორმაციას კომპანია ამის შესახებ თავად ავრცელებს. არც ახლა და არც მომავალში ამისი საფრთხე არ არსებობს“,-წერს ეკა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, შანიძის ქუჩაზე სასმელ წყალში ფეკალური მასები აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები