სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულ ტერიტორიაზე მხოლოდ მძიმე ტექნიკა იმუშავებს, რათა რეაბილიტაციამდე დაზიანებული უბენების სრული გაწმენდა მოხდეს.
“დღეს და უახლოეს დღეებში ტექნიკა იმუშავებს,ფიზიკურად სამუშაო ძალიან ცოტაა დარჩა, სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს,რომ სახლში დარჩენილიყვნენ. ზოოპარკის ტერიტორიის ქვედა ნაწილი დარჩა გასასუფთავებელი, სადაც ვოლიერები იყო,მიმდინარეობს მათი დემონტაჟი და პარალელურად ტერიტორიის გასუფთავება“-განაცხადა ნარმანიამ.
გმირთა მოედანზე დღეს თბილისის მერთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა. ოთარ დანელია ადგილზე სპეციალისტებთან ერთად მივიდა და შხამ-ქიმიკატები მიიტანა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეპიდემიის მცირე შანსი არსებობს, რის გამოც აუცილებელია აღნიშნული ტერიტორიის დამუშავება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ რაც ტერიტორია დამუშავდება სპეციალური ხსნარებით აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით მხოლოდ სპეციალური სამოსით აღჭურვილი სპეციალისტები შევლენ.