ზოოპარკი ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევის შესახებ ფოტომასალას აქვეყნებს
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია შედარების მიზნით ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს კარგად დააკვირდნენ ნაკვალევის ზომებსა და ფორმებს.
“შესადარებლად ვაქვეყნებთ ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევებს. ძალიან გთხოვთ კარგად დააკვირდეთ ნაკვალევის ზომებსა და ფორმებს“, – აღნიშნულია ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში. ცნობისთვის, გუშინ სოფელ რეხასთან მტაცებელ ცხოველს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში უჩვეულოდ დიდი ნაკვალევი შენიშნეს, 112-ს დაუკავშირდნენ. ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ ლომი დაინახეს. თუმცა ნაკვალევი დიდი ზომის ძაღლის აღმოჩნდა.