საგანგებო შტაბი მოხალისეებს სთხოვს, დღეიდან “მზიურის” ტერიტორიაზე, ზოოპარკსა და სვანიძის ქუჩაზე მისვლისგან თავი შეიკავონ

საგანგებო შტაბი დასუფთავების სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს თხოვნით მიმართავს, დღეიდან “მზიურის” ტერიტორიაზე, ზოოპარკში და სვანიძის ქუჩაზე მისვლისგან თავი შეიკაოვნ.
20 ივნისს გამართული საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ, თბილისის მერმა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა განაცხადეს, რომ დილიდან ყველა ძირითად ლოკაციაზე ტექნიკის მუშაობა უნდა გააქტიურდეს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ უფრო ინტენსიურად უნდა იმუშაოს ტექნიკამ ძირითად ლოკაციებზე და ამავდროულად არსებობს გაზრდილი რისკები ეპიდემიებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ძირითად ლოკაციაზე მოხალისეების შეზღუდვის შესახებ, ამიტომ ვთხოვთ მოხალისეებს ხვალ თავი შეიკავონ “მზიურის” ტერიტორიაზე, ზოოპარკში და სვანიძის ქუჩაზე შესვლისგან. ამ ტერიტორიებზე ძირითადად უნდა იმუშაოს ტექნიკამ”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. სტიქიის ზონები, პრევენციის მიზნით, სპეციალური მეთოდებით დამუშავდება,რასაც ორგანიზებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, მოხდება ტერიტორიების გაუსნებოვნება სპეციალური, ასეპტიკური და ანტისეპტიკური მეთოდების საშუალებით.
“ეს აუცილებელია გამომდინარე იქიდან, რომ სტიქიის ადგილებში რამდენიმე ტბორია, შესაბამისად, ჩვენ გვინდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები”, – განაცხადა ოთარ დანელიამ და აღნიშნა, რომ სამუშაოები მხოლოდ სპეციალური მომზადების მქონე ადამიანებისა და ტექნიკის მეშვეობით უნდა განხორციელდეს და რისკების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოებთან შეხება არ ჰქონდეთ ფიზიკურ პირებს.
სტიქიის ზონაში ფიზიკური პირების მონაწილეობის შეზღუდვაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, დარჩენილი სამუშაოები განახორციელონ შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტებმა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გართულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები