კიევში ჯონ მაკკეინი და ამერიკელი სენატორები ჩავიდნენ
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პეტრო პოროშენკომ ეს კიევში ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯონ ბარასო და ტომ კოტონი.
„უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს ოფიციალურ პირებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ერთობლივი, უკრაინულ-ამერიკული წვრთნების ჩატარების მნიშვნელობა“, – ნათქვამია პოროშენკოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა აშშ-ს სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. მაკკეინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინაში ჩადის, რათა მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიოული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსიროს. პოროშენკოს გარდა ჯონ მაკკეინი და ამერიკელი სენატორები უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსაც შეხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სენატმა სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემაზეა საუბარი.