არსებობს თუ არა ქალაქში ეპიდემიის საფრთხე და ვინ უნდა აიცრას ტეტანუსზე?

„სტიქიის შედეგად დაზარალებული კერებიდან ეპიდემიის არავითარი საფრთხე არ არსებობს, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გააკეთა.

იმნაძის განმარტებით, ლიკვიდირებული ან სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ და მათ ნაწლავში, შესაძლოა მხოლოდ ტეტანუსის ჩხირი იყოს, რომელიც მისივე თქმით, ნიადაგში ბუნებრივადაც არსებობს.  თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს რამდენიმე კატეგორია, ვისთვისაც ტეტანუსის აცრა რეკომენდირებულია.

„ეპიდემიურ გართულებებს არ ველოდებით,  რაც შეეხება ტეტანუსს, მისგან თავის დაცვა აცრის საშუალებით შეიძლება, აცრას კი საჭიროებენ ის მოქალაქეები, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობენ და  რომელთაც ტეტანუსზე 14 წლის ასაკში გეგმიური აცრა არ აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის ადგილებში ჰიგინური ნორმების დაცვას, მოქალაქეებს ვთხოვ,  უკლებლივ ყველამ ხელთათმანები გამოიყენონ და ხელთათმანიანი ხელით არ მოწიონ სიგარეტი, რომ მიწის ნაწილაკები პირში არ მოხვდეთ. ამ ცხოველებს რაიმე დაავადებები არ აღენიშნებოდათ, რომ ისინი ეპიდემიის საფრთხეს ქმნიდნენ, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აცრის პროცედურებს, იმნაძის განმარტებით, ვაქცინა სრულიად უფასოა. უფასო აცრებით არამხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შემდეგ ტეტანუსზე უკვე 600 ადამიანია აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები