ა/ო “პოზიცია”, ჯგუფ “ვაკის პარკის” სოლო – კონცერტით საზოგადოებას საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვისაკენ მოუწოდებს
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” საზოგადოებას მცირეწლოვანი ბარბარე გოგოლაძის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ახალი პროექტის – „ქუჩის მუსიკოსები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად“ – ფარგლებში, 18 ივნისს, 20 საათზე კლუბ One Side -ში მორიგი ღონისძიება გაიმართება.
ამჯერად კლუბში ქუჩის მუსიკოსებისა და ჯგუფ “ვაკის პარკის” სოლო – კონცერტი შედგება და ღონიძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა გოგოლაძეების ოჯახს, რომლის მცირეწლოვანი შვილიც, ბარბარე უცხოეთში გადაუდებელ სამედიცინო ოპერაციას საჭიროებს.
“პოზიციის” ორგანიზებით მაისში უკვე ჩატარდა ანალოგიური ღონისძიება, რომელზე შემოსული ფულადი შემოწირულობაც 15 წლის მოზარდის, სოციალურად დაუცველი მიხეილ სხვიტარიძის ოჯახს გადაერიცხა.
18 ივნისის ღონისძიებაზე ასევე პატივს მიაგებენ თბილისში 13 – 14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნას. საღამოზე გამოცხადდება სტიქიისას დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი სპეციალური ანგარიში, სადაც ყველა მსურველს მისი შესაძლებლობის ფარგლებში არსებული თანხის გადარიცხვის საშუალება ექნება.