მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს ჩატარდება, ხოლო გამოცდები 17 ივნისიდან დაიწყება (ვიდეო)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.
„სტიქიის შედეგად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთს – მომავლის სკოლას აქვს პრობლემები თუმცა, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ. სამინისტრო გაცნობებთ, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი, თუმცა ამ ფორმით ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, უკეთ მოემზადოს დამამთავრებელი გამოცდისთვის და გაიაროს ტესტის აპრობაცია. დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დღის დაახლოებით სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge განთავსდება“,-აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის საგანგებო რეჟიმში სამინისტრო ფსიქოლოგიური ცენტრები სრული დატვირთვით იმუშავებენ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით: 2 200 220.