"ტორპედო" 18 300 ლარით, "დინამო” კი 800 ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღო. გუშინდელ მატჩზე მომხდარი ინცინდენტის გამო ქუთაისის “ტორპედო” 18 300 ლარით, ხოლო “დინამო” მათივე გულშემატკივრების მიერ სტადიონზე სკამების დამტვრევისთვის 800 ლარით დააჯარიმა. ასევე, ქუთაისის “ტორპედო” მომდევნო ხუთ საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს.
გუნდის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმშერ ტყებუჩავას თქმით, ფედერაციის აღმასკომი ასევე იმსჯელებს, “ტორპედოს” ნეიტრალურ სტადიონზე მომდევნო თამაშებს დაესწრება თუ არა გულშემატკივარი.
“სტადიონზე შევარდნა გულშემატკივრების მოზღვავებულმა ტალღამ განაპირობა, რომელმაც კორდონი გაარღვია და შევიდა სტადიონზე”, – აღნიშნა ტყებუჩავამ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ჩაშლილად გამოცხადდა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჩხუბით დამთავრდა. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისის გუნდი ქუთაისის ნაკრებს ანგარიშით 2:0 უგებდა. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი მოედანზე ჩავიდნენ და „დინამოს“ ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის შედეგად “დინამოს” რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის ფანკლუბ “გლადიატორების” წევრები დაშავდნენ. “დინამოს” და მის გულშემატკივრებს ქუთაისის დატოვებისთვის საპატრულო ეკიპაჟის დახმარება დასჭირდათ.