დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში

„მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის საკუთრივ ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის ის დოკუმენტები, სადაც აშკარად ჩანს ძალმომრეობა ქართველ ხალხზე, ქართულ საზოგადოებაზე. მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის საკუთრივ ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში და იმ ერთი მუჭა რადიკალებისთვის, რომლებიც საქართველოში არიან, მცდელობა, რომ მაცოცხლებელი ენერგია შემატონ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები