გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან ევროპის „სახალხო პარტიაა“ ინიციატორი ამ რეზოლუციის
„უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან [ევროპის] „სახალხო პარტია“ ინიციატორია ამ რეზოლუციის. უკვე არის ერთი რეზოლუცია მიღებული მათი ინიციატივით, რომელიც არის მფარველი და ინსტრუქციის დამწერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს რეალობა გვაქვს სამწუხაროდ. ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ამაში ახალი არაფერია და უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.