ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: გაცვეთილია ყველა რეზოლუცია სადაც იწერება, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი

„უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

„უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ. ისევ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე იმისდა მიუხედავად, რომ ერთ მტკიცებულებასაც ვერავინ დებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არავინ უყურებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები