ხმაურიანი ეთერის შემდეგ თამარ ბელქანია პირველ კომენტარს აკეთებს

ჟურნალისტი, თსუ-ს ლექტორი, პროფესორი თამარ ბელქანია, “რეაქციის” გუშინდელი გადაცემის შემდეგ განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს. “კვირა” ბელქანიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“ბრძოლაა ცხოვრება და ვიბრძვი მეც … ვიბრძვი, რომ გადავრჩე. ადვილია თქვა, ის, რისი მოსმენაც ხალხს უნდა, მაგრამ მეც ამ ხალხის ნაწილი ვარ და ერთხელ მეც მქონდა მოლოდინი სახელმწიფოსგან, რომ უმუშევრად არ დამტოვებდა, მაგრამ ერთხელაც დამტოვა… და, მაშინ მივხვდი, რომ ლოდინი განაჩენი იქნებოდა! ვერ წავედი ქვეყნიდან და დავრჩი…და, გადავრჩი. მართლაც ძნელია იშვო სამსახური…

არავის ვპასუხობ და არც თავს ვიმართლებ. შესაძლოა, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც არ მიცნობს, ტონმა გააღიზიანა, მაგრამ მქონდა უფლება, რომ ჩემი მაგალითით მეთქვა სათქმელი, თუნდაც ყველაზე არაპოპულარული, რადგან ეკრანზე მეც ვხედავდი ინტერაქტივს. ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი განსხვავებული და ამ შემთხვევაში არაპოპულარული აზრისთვის დავისჯებოდი. ეს ჩემს იმიჯს დაარტყამდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხისთვის ან „გუგული მაღრაზე“ ვიქნებოდი, ან საზოგადოების ის დარჩენილი ნაწილი, ვინც სამსახურის გარეშეა. ამ ფორმატის დებატებში, ხმაურში, ძნელია სწორედ ამ არაპოპულარული აზრის გავრცობა-განსჯა მიზეზების ახსნა, ანალიზი.

არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არ უნდა ეძებდეს პროფესიონალებს, კომპეტენტურ კადრებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სახლში ზიან და თვითრეალიზებას ვერ ახდენენ, უფრო რთულია ემიგრანტებზე საუბარი, იმ რესურსის უარყოფაზე, წესით, ახალი საქართველოს მშენებლობაში აქტიურად რომ უნდა იყვნენ ჩართული. ვთვლი, რომ, როგორც სახელმწიფო უნდა იყოს ვალდებული ეძებოს პროფესიონალი კადრები, ისე იმ კადრებმაც უნდა მიიტანონ თავი სახელმწიფომდე. შესაძლოა, არ გამოუვიდეთ, შესაძლოა არც გამოსვლიათ, მაგრამ ყოველთვის ღირს ცდა. მე ჩემს მაგალითზე მჯერა, რომ ასი ნაბიჯიდან თუნდაც ერთ შემთხვევაში ეს აუცილებლად გამოვა. სწორედ ეს იყო ჩემი სათქმელი გუშინდელ დებატებში.

ამ სტატუსით ჩემს მიმართ წამოსულ არც ერთ აგრესიას არ ვპასუხობ – ყველა თავისი წარსულიდან მოდის!

ბაკურს, თავისი აზრი და შეხედულებები აქვს, არ მინდა მისი განსჯა, დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე სხვა ფორმატში რომ გვესაუბრა, ბევრად კონსტრუქციული იქნებოდა ჩვენი საუბარი. ჯობდა ის, დისკუსიის რეჟიმში დარჩენილიყო…

საზოგადოებრივი აზრი ხშირად კლავს ადამიანს. თუმცა, გუშინ მე მინდოდა ჩემი ასი გადადგმული, წარუმატებელი და აქედან ერთი წარმატებული ნაბიჯით მეჩვენებინა, რომ ფარ-ხმალი არასდროს უნდა დაყარო და ყოველთვის უნდა იბრძოლო, რომ გადარჩე! მინდოდა, ჩემი, ერთი რიგითი ადამიანის მაგალითზე მესაუბრა და მაყურებლისთვის ოპტიმიზმი, მოტივაცია გამეჩინა. მათთვის მეთქვა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს იმედად არ უნდა დავრჩეთ. ამას მე ჩემს სტუდენტებსაც ვასწავლი. ლექციაზე მათთვის არასოდეს მითქვამს, რომ სამსახურის დასაწყებად აუცილებლად „კრიშა“ სჭირდებათ და ამას ვერც ეთერიდან ვეტყოდი! ვთვლი, რომ ახალ თაობას „კრიშების“ კლიშეებით არ უნდა ვზრდიდეთ!

იმ ადამიანებს კი, ვინც არ მიცნობს და ასე ხელაღებით შეუძლია განმსაჯოს, ძალიან მოკლედ მოვუყვები მათთვის პატარა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდ ისტორიას…

ჯერ კიდევ მეექსვე კლასში მინდოდა ჟურნალისტობა, რადგან მიყვარს ხალხი და მათთან ურთიერთობა, ეს ხელოვნებაა და მიყვარს ხელოვნება. ამიტომ ჯერ სამხატვრო აკადემია დავამთავრე და მერე გავხდი ჟურნალისტი. 1996 წლის 28 დეკემბერს მივედი პირველად გაზეთ “დილის გაზეთში“, კულტურის რედაქციაში და მივხვდი, რომ ეს იყო ის მომენტი, როდესაც ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი, უკვე რეალობად იქცა… დრო ჩქარა გადიოდა და და მასთან ერთად მედია სამსახურებიც იცვლებოდნენ… „დილის გაზეთის“ მერე მუშაობა მომიწია სხვადასხვა გამოცემაში: „მოქალაქე“, „ქართული კულტურა“, „ახალი ქართული გაზეთი“, „ახალი ეპოქა“… ეს იყო 90-იანი წლები, როცა კულტურის საკითხების გაშუქება ყველგან არაპოპულარული იყო. არადა, თბილისი ცხოვრობდა კულტურული ცხოვრებით, შესაბამისად, ჩემი გაზეთებიც… 2000 წელს ტელეკომპანია „იბერიაში“ მომიწია მუშაობა და იმ დღის მერე კინოა ჩემი ცხოვრება, ტელევიზია, რომელიც დღემდე ყველაფერს მირჩევნია…ეს იყო დაუვიწყარი წლები და ერთი რიგითი ჟურნალისტისთვის შესაძლებლობა, შევხვედროდი საინტერესო ხალხს და მენახა ეპოქალური მოვლენები – მისი მონაწილე გავმხდარიყავი. იმის, რაც ჩვენს ქვეყააში ვითარდებოდა, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში – პანკისში, კოდორში… მაშინ მივხვდი, რომ „შენ“ ქმნი ისტორიას, რეალურ ისტორიას, იმას, რაც დარჩება. ტელევიზიამ მიმახვედრა, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და საკუთარი სახელის თუ გვარის „მიწერა“ მოვლენაზე, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობ.

მახსოვს, ერთხელ წყნეთში ასაკოვან მშობლებს ერთადერთი შვილი გასტაცეს, რეპორტაჟის გასაკეთებლად გამიშვეს, ვნახე უბანი, ჩავწერე ე. წ. სტენდაფი, გამოვკითხე მეზობლები, ამხანაგები, მაღაზიის გამყიდველი, სადაც გოგონამ დილით რაღაც იყიდა… რეპორტაჟი გონებაში უკვე გაწერილი მქონდა, როცა მანქანაში ჩაჯდომისას ვიღაც კაცი მომიახლოვდა, მანქანას ტელევიზიის ლოგო ჰქონდა, მთხოვა, რომ ეს მათი სიბერის ქალიშილია, მთხოვა, რომ მას გამტაცებლებთან უკვე ჰქონდა მოლაპარაკება და მთხოვა, რომ ეს ინფორმაცია არ გამეშვა ეთერში, თორემ ის დაკარგავდა შვილს. სიუჟეტი არ გამიკეთებია… ის სხვა არზე გავიდა და, ის კაცი დღემდე ეძებს შვილს… მსგავსი შემთხვევაც არ იყო „მხოლობითში“… რთულია, როცა აცნობიერებ, რომ შენს ნებისმიერ საქციელზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული და ხვდები, რომ არ გაქვს შეცდომის უფლება!

2003 წელს ოჯახი შევქმენი და ორსულს მომიწია პანკისის ხეობაში გადაღებაზე წასვლა … დავკარგე შვილი, ვერ გავაცნობიერე, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი და სამსახური შეიძლებოდა მეორე პლანზე გადამეწია დროებით.

2003 წელს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და სამსახურიდან წასვლა მომიწია, ახალშექმნილი ოჯახისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან მხოლოდ მე ვმუშაობდი. 9 თვე ყოველდღე ვეძებდი სამსახურს, რომ საკუთარი ოჯახი გადამერჩინა…და, გადავარჩინე….კიდევ ერთხელ გამომივიდა. მას შემდეგაც არაერთი სამსახური შევიცვალე.

2005 წელს შსს პრესცენტრში დავიწყე მუშაობა. ვამზადებდი პროექტს „გახსნილია“, რომელიც რუსთავი 2-ს ეთერით გადიოდა. პროექტმა, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე რეიტინგულ არხზე გადიოდა, გააასამმაგა პასუხისმგებლობა და ეს ხშირ შემთხვევაში იყო დაუღალავი შრომის შედეგი, რომ დოკუმენეტურ ფილმებში არსად მომხვდარიყო „დოკუმენეტურობის“ გარდა სხვა არაფერი.

დიახ, ვარ იდეალისტი და მჯერა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია ბევრი რამ და ბევრი რამის შეცვლა… თუმცა, რაღაცის ფასად… 24 საათიან შრომას ჩემი ოჯახი შეეწირა. მერე, 2011 წელს სრულიად დაუმსახურებლად მომიწია სამსახურიდან, საკუთარი სურვილით „იძულებით“ წასვლა, უკვე ოჯახის გარეშე, უსახლკარო, უმუშევარი…

რთულია ცხოვრება, როცა აცნობიერებ, რომ პასუხისმგებელი უკვე სხვა ადამიანზე ხარ, იმ შვილზე, რომელსაც მთელი 9 წელი ელოდი. და, მივხვდი, რომ რეპუტაციისთვის კი არა, უკვე დედობისთვისაც უნდა მებრძოლა და წავედი. წავედი უხმოდ.

მახსოვს, მეგობარმა შემომთავაზა ამერიკელი სტუმრისთვის ოკუპაციის მუზეუმში გიდი ვყოფილვიყავი და იქვე მკითხა: – გინდა, ამის შესახებ ლექცია წაიკითხო? ერთი წელი 11 ლარად ლექციას ვკითხულობდი ჯავახიშვილში, მერე იყო კონკურსი და უკვე 4 სხვადასხვა საგანი.

11 ლარი თვეში … მცირე დანაზოგი, პამპერსი, სველი „სალფეთქი“ და ესკუმიზანი… კონკურსში გავედი… მერე ვიფიქრე, რომ ამ საგნისთვის თვალსაჩინოება გამეკეთებინა და გადაცემის პროექტი – „ისტორიის გაკვეთილი“ გავწერე. ტელეკომპანია „ერთსულოვნებაში“ ისე მივედი, არავის ვიცნობდი. პროექტი შევთავაზე და ვთხოვე, მოეცათ შანსი… დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ კონფლიქტურ რეგიონებში გამოცემული ბეჭდური მედიაა საინტერესო თემა და ვეცადე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გაზეთები მეშოვა, საკუთარი სახსრებით შემეძინა … გადაცემას “მედია ოკუპირებულ ტერიტორიბზე“ დავარქვი.

გავიდა დრო და კერძო უნივერსიტეტთან 5 თვიანი მოლაპარაკების ფონზე ახალი კონტრაქტი მოვიპოვე გადაცემისთვის – „ განათლება გამოგარჩევს“, სადაც მთელი აქცენტი გადატანილია განათლების, განათლებული ადამიანების პროპაგანდაზე… ვინ არიან, რა ღირებულებების და როგორ გადარჩეს ქვეყანა იმის ფონზე, რომ ყველა ტიპის საინფორმაციო ომი წავაგეთ. ისევ იდეალისტი ვარ …. 5 წელია ვასწავლი უნივერსიტეტში და მხოლოდ ერთხელ მომიწია ლექციის გაცდენა.

ვცდილობ, სტუდენტებს, რომლებიც ჟურნალისტები უნდა გახდნენ, წიგნების, კამერის, სტენდაფის, სიუჟეტის გარდა ვასწავლო, რომ ეს არაა სტაბილური სამსახური და მუდამ უნდა იყვნენ მზად თავიდან დაიწყონ ყველაფერი… იმას, რომ თანამედროვე მედია სამხედრო ტექნოლოგიებს ემსგავსება, რადგან ორივეს შეუძლია განადგურება.

2 დღეა ჩემი მისამართით ვისმენ, რომ თურმე „კრიშა“, „კრიშები“, თუ ვინ არ მყოლია… კი, დასაქმებაში ხანდახან დამხმარებიან ახლობლები, ნაცნობები, მეგობრებიც, რეკომენდაცია გაუწევიათ, მაგრამ ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ჩემი პროფესიონალიზმი იცოდნენ, რომლებთანაც ან ადრე ვმუშაობდი, ან უბრალოდ ჰქონდათ ინფორმაცია ჩემი საქმისადმი დამოკიდებულების შესახებ. მაგრამ ხშირად ყოფილა ისეც, რომ ქუჩიდან მივსულვარ და ბრმად ავუყვანივარ.

მიყვარს ჩემი საქმე და მიყვარს ყველა ის სტუდენტი, ვისთანაც სალექციო საათები აუდიტორიაში, ჩემთან ტელევიზიაში, სუფრასთან, თუ ექსკურსიაზე გამიტარებია.

არაფერი მაქვს სათქმელი და გარდა იმისა, რომ თავისით ორი რამ მოდის – ზამთარი და სიბერე… დანარჩენს ბრძოლა, შრომა, თავდადება და საქმის ერთგულება სჭირდება.

მიყვარს ჩემი ხალხი, მიყვარს ის ადამიანები, ვისაც ქვეყნის გარეთ დროებით ცხოვრება დროებით მოუწია, რადგან ვარ იდეალისტი და ზუსტად ვიცი, რომ მოვა, მოვიყვანთ დროს, როცა ქვეყანა დერეფანი კი არა, შემდგარი სახელმწიფო იქნება! სადაც მე ვეტყვი ჩემს შვილს, რომ მართალია ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სახლი, მაგრამ ეს ქვეყანაა სახლი და შრომით შეიძლება ამ ქვეყანაში ადამიანმა, მარტოხელა დედამ ღირსეულად გაზარდოს შვილი! ასწავლოს და უთხრას, რომ მთავარი „ეროვნული შეგნება, რეალობის ალღო და შრომის უნარია“ .

მიყვარხარ საქართველო, დავით, მშობლებო და ჩემო სტუდენტებო, ვინც მიცნობთ”, – წერს ბელქანია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები