“შს სამინისტრო ახალ რელსებზე დადგა და უამრავი პოზიტივია მის ქმედებებში"

  შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ რელსებზე დადგა და უამრავი პოზიტივია მის ქმედებებში, – ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “პრაიმტაიმთან” საუბარში შსს-ს საქმიანობას. ექსპერტი უწყების რამდენიმე მინიშვნელოვან წინ გადაგმულ ნაბიჯზე საუბრობს. მისი თქმით, ნარკომანიასთან ბრძოლა აშკარად გამკაცრებულია. “ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რეცეპტის გარეშე რომ აღარ იყიდება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და რამდენადაც ვიცი, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილებები ეგრეთ წოდებულ “ბიოსთან” დაკავშირებით. ეს სერიოზული პლუსია”, – ამბობს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში, როდესაც ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტი შსს-ს საქმიანობას დანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც აფასებს და ამბობს, რომ სტატისტიკა ძალიან დინამიკურია, ხან მატულობს და ხან იკლებს, თუმცა ამ მხრივ მდგომარეობა არ გაუარესებულა, როგორც ამას ოპოზიცია ლაპარაკობს. მამაუკა არეშიძეს ჯარიმების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებაც სწორ ნაბიჯად მიაჩნია. “მაგალითად, ჯარიმა, რომელიც 100 ლარიდან 50-მდე შემცირდა მძღოლების გადამწყვეტი უმრავლესობისთვის ძალიან დიდი შეღავათია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარღვევების რაოდენობა გაიზრდება”, – აღნიშნავს არეშიძე.
მისი შეფასებით, შსს-ს მთავარი მიზანი, რომ იგი ყოფილიყო დეპოლიტიზებული, მიღწეულია. “რასაკვირველია, მინუსებიც არის, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი საჯაროობა საჭირო. თავად ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, უფრო ახლოს იყოს საზოგადოებასთან, ჰქონდეს მასთან უშუალო კონტაქტი – ეს ნამდვილად ჩანს”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები