„სააკაშვილის ამ დოზით აქტიურობა ჩვენს ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის“

  საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების იდეები არავის აინტერესებს, მით უფრო მიხეილ სააკაშვილის.
„სააკაშვილის ამ დოზით აქტიურობა და მისი უპასუხისმგებლო, შეურაცხყმოფელი განცხადებები ჩვენს ქვეყანას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. დიახ, სააკაშვილი თავისი ამჟამინდელი საქციელით საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს, არამედ თვით უკრაინასაც. ვურჩევ ყველა ტელევიზიას და ჟურნალისტს – მაშინ, როცა რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, სააკაშვილის აშკარად პროვოკაციულ აქტივობებს პოპულარიზაციას ნუ გაუწევთ, რადგან ამით ვერც მას გაუკეთებთ სიკეთეს და მითუმეტეს, ვერც ქვეყანას. ნაციონალები აქტიურად ამკვიდრებენ აზრს, რომ უკრაინული სცენარი მალე საქართველოში განმეორდება. ამას ისეთი დარწმუნებით აცხადებენ, რომ თითქოს წინასწარ იციან. როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, თავს უფლებას მივცემ და ვთხოვ ყველას, ნუ მისცემენ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ პროვოკაციაში გახვევის უფლებას! ასეთი პროვოკაცია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ქვეყანას კი საბოლოოდ დაღუპავს!“- აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები