უნდა გაუქმდეს თუ არა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში – რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და იურისტები

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეიდან დაიწყო. 5 ივნისს გამართულ პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა, 13-საათიანი განხილვის მიუხედავად, ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც მოსამართლე ეკა არეშიძემ ისინი დაითხოვა.
მოკლული ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შუმადგომლობის დაყენებისკენ მოუწოდა, რათა მკვლელობის საქმე არა ნაფიცმა მსაჯულებმა, არამედ მოსამართლემ განიხილოს. 
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის  ირგვლივ მსჯელობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. პოლიტიკოსები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნულ ინსტიტუტის გარკვეული  ხარვეზები აქვს და ის რეფორმირებას საჭიროებს.
მეტიც, გამოითქვა უფრო რადიკალური მოსაზრებებიც,  – რომ  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.11427930_379367372269452_1948728072_n

არის თუ არა განაჩენის გამოუტანლობა  იმის საფუძველი, რომ ნაფიც მსაჯულებზე უარი ვთქვათ – ადვოკატი ირმა ჭკადუა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია. “კვირასთან“ საუბრისას ადვოკატი აცხადებს, რომ სისტემაში არსებული ხარვეზები  აღმოფხვრას ექვემდებარება. ირმა  ჭკადუას მისი საადვოკატო საქმიანობიდან მაგალითი მოჰყავს. საუბარია  80 წლის ანა ბაბოევას მკვლელობაში ბრალდებულ  სერგეი ბაბოიანზე, რომელსაც  12-დან 11-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და მხოლოდ ერთმა თავი შეიკავა.

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს, ის ხარვეზები, რა ხარვეზებიცა აქვს, უნდა აღმოიფხვრას საკანონმდებლო დონეზე,  პრაქტიკამ  აჩვენა, რა ხარვეზებზეა საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სასამართლოს მიმართ საზოგადოების მხრიდან უნდობლობის დონე იყო ძალიან მაღალი, ეს ინსტიტუტი იყო ნათელი წერტილი იმისა, რომ განაჩენები ყოფილიყო  ობიექტურად გამოტანილი. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არაერთ ქვეყანაში არსებობს და საკმაოდ ეფექტური და გამართლებულია. ვფიქრობ, საქართველოში უნდა გაფართოვდეს  წრე და უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმე უნდა იქნას განხილული ნაფიცი მსაჯულების მიერ, მე არ შემიძლია, არ გავიხსენო სერგეი ბაბოიანის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამართლებელი ვერდიქტი, ამ საქმეზე რატომღაც არავინ საუბრობს. 11-მა ნაფიცმა მსაჯულმა ის გაამართლა, მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი. ეს იყო ერთადერთი საქმე   ქართულ რეალობაში, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან 11 ადამიანმა ბრალდებული გაამართლა. ძალიან ძლიერი ნაფიცი მსაჯულები იყვნენ პროცესზეც,  ძალიან ზუსტ კითხვებს სვამდნენ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ნაფიც მსაჯულებს არ აქვთ იურიდიული განათლება და ისინი ვერ გამოიტანენ  ობიექტურ გადაწყვეტილებას,  საფუძველმოკლებული მგონია. არცერთ ქვეყანაში, სადაც ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი არსებობს,  ნაფიც მსაჯულებს  იურიდიული განათლება არ მოეთხოვებათ“, – განუცხადა “კვირას“ ირმა ჭკადუამ.

1474864_379367472269442_237239843_nირმა ჭკადუასგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ “ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციაში“. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ვერ გაამართლა და ამიტომ ის უნდა გაუქმდეს. არჩილ კაიკაციშვილი  მოსაზრებას  რამდენიმე არგუმენტით ხსნის. მისი თქმით, დაუშვებელია  ის, რომ საქმეს განიხილავდეს არაპროფესიონალი სასამართლო – ანუ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. კაიკაციშვილი ქართულ რეალობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მენტალიტეტი ერთ-ერთი გასათვალისწინებელი გარემოებაა აღნიშნული ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხის განხილვისას.

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა საქართველოში ვერ გაამართლა, რასაც  ჰქონდა თავისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მთავარი პრეტენზია არის ის, რომ საქმეს განიხილავს არაფროფესიონალი სასამართლო. ნაფიც მსაჯულებს არ აქვთ ვალდებულება,რომ  ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი  დაასაბუთონ არგუმენტებით, და საზოგადოებას აუხსნან, თუ რატომ მიიღეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილება.

ნაფიც მსაჯულთა  ინსტიტუტი სასამართლო სისტემაში   2010 წელს ისე  იქნა შემოღებული, რომ სახელმწიფოს – აღმსარულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას არ უკითხავს  ხელისუფლების მესამე შტოსთვის, თავის დროზე ანალიზი არ მომზადებულა, თუ რამდენად საჭირო იყო ამ ინსტიტუტის არსებობა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს არა იმის გამო, რომ რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით  ნაფიცმა მსაჯულებმა საზოგადოებრივი მოლოდინების  საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები განახორციელეს, არამედ თვითონ ინსტიტუტის განვითარების პერსპექტივა საზოგადოებაში ძალიან ნაკლებია. რაც უფრო შორი იქნება პერსპექტივა იმისა, რომ გავაუქმოთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მით უფრო მეტი თანხები დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული ინსტიტუტის შენარჩუნების პროცესში“,-განუცხდა “კვირას“ არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატთა“ ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, თავის დროზე   ყოფილმა  ხელისუფლებამ,  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პრაქტიკა  ერთი მიზნისთვის დაამკვიდრა- მათ სურდათ, რომ საზოგადოებაში შესუსტებული ნდობა გაეძლიერებინათ და სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში  საზოგადოების  როლის გაეზარდათ, თუმცა ამ ჩანაფიქრმა  ვერ გაამართლა.

“2010 წელს,   ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრდა მოხდა ერთი მიზნით – 2007 წლის ნომემბრის და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად სააკაშვილის ხელისუფლებამ საზოგადოებაში შესუსტებული ნდობის გაძლიერებისთვის  გადაწყვიტა სასამართლო დამოუკიდებლობის  განცდა შეექმნა  და  შემოიღო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომ თითქოს საზოგადოება ჩართული  ყოფილიყო  სამართლებრივ პროცესებში, მაგრამ ამ ჩანაფიქრმა ვერ გაამართლა. მეტიც,  მაშინ  მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს ეზრუნა ამ ინსტიტუტის გავითარებისთვის, მოხდა  უპრეცედენტო შემთხვევა, როცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ საქმეზე,  რომელ საქმეზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს ვერდიქტი, ის ნაფიცი მსაჯულები საპრეზიდენტო სასახლეში მიიღო და მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. ეს იყო იმთავითვე აბსოლუტურად კრახი  ამ ინსტიტუტისა. წარმოუდგენელია ხელისუფლების ერთი შტო მადლობას ეუბნებოდეს სასამართლოს ამა თუ იმ განაჩენისთვის.  როგორც ვხედავთ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ  პოლიტიკურმა გარემომ და მენტალობამ უარი უთხრა ამ ინსტიტუტს  ქვეყანაში“, – განუცხადა “კვირას კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე საერთაშორისო გამოცდილებაზეც საუბრობს.

„მთელს მსოფლიოში, სულ 25 ქვეყანაში არსებობს ეს ინსტიტუტი. ამასთანავე, დღესდღეობით, აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების მხოლოდ 3-4% განიხილება, ინგლისში – 4%. ზოგ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, ბელგიაში და საბერძნეთში ის უკვე გააუქმეს“, – აღნიშნავს კაიკაციშვილი.

რაც შეეხება  ხელისუფლების წევრებს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულ გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ის საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს.

“ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც შემოტანილია რამდენიმე წლის წინ საქართველოში, თუკი ვიმსჯელებთ იმ პრაქტიკით, რაც ამ ინსტიტუტს დღეს გააჩნია, ვერ ვიტყვით, რომ შეეთვისა ქართულ სამართლებრივ სისტემას. მეც მგონია, რომ ის საჭიროებს გარდაქმნას. მის სრულიად გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება, სხვა თუ არაფერი, საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები არა მხოლოდ იკრიბებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ვერ იკრიბებოდნენ, არამედ თუკი მათ ხარვეზები ან შეცდომები დაუშვეს, არსებობდეს გასაჩივრების მექანიზმები პროფესიონალ მოსამართლესთან, რაც დღეს არ არსებობს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ ძირეულ ცვლილებებზე უკვე მუშაობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება პროცედურულად ძალიან რთული იქნება. მურუსიძის განმარტებით, აღნიშნული ინსტიტუტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს მოსამართლეს.

პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პროცესის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა.  როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს.11422742_379367545602768_521291337_n

“ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებულნი, ამას გადავხედოთ და ის, რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის  აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია, ძალიან მალე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით  კითხვები აქვს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს. შოთაძის განმარტებით, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოსგან, ვინაიდან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ არაპროფესიონალი იურისტები. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, ფიქრობს, რომ მთავრობამ და პარლამენტმა უნდა განიხილონ, რამდენად ერგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ქართულ რეალობას.  ამასთან, როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

“საქართველოს მთავარი პროკურატურა ძალიან იმედგაცრუებულია ამ სასამართლო პროცესის შედეგებით. სამწუხაროდ, გამამტყუნებელი განაჩენისათვის ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა დაგვაკლდა, რასაც ჩვენ არ მოველოდით, იქიდან გამომდინარე, რა მტკიცებულებებიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და მყარი მტკიცებულებებითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ლაშა მახარაძე მოკლული იქნა გიორგი ოქროპირიძის მიერ. მე დღეს მოვისმინე ლაშა მახარაძის დედის განცხადებები, ჩემთვის სრულიად გასაგებია ის გულისწყრომა და იმედგაცრუება, რომელიც მან დღეს პირდაპირი ეთერის მეშვეობით გამოხატა, თუმცა მე მინდა მას და საზოგადოებას ავუხსნა, რომ დღეს კანონი ასეთია, კონკრეტულ მუხლებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს ითვალისწინებს, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში საქმის ბედი დამოკიდებულია 11328802_379367712269418_1028628374_nნაფიცი მსაჯულების – საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების, არაპროფესიონალი იურისტების გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, აქ პროკურატურა უძლურია, ერთი, მე შემიძლია დავპირდე და ვუთხრა მოკლული ლაშა მახარაძის დედას, რომ საქართველოს პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ ძალიან დიდი მუშაობა გავწიეთ, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო და ნაფიც მსაჯულებს გამამტყუნებელი ვერდიქტი მიეღოთ,სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომი ნაფიცი მსაჯულების პროცესზე ჩვენ მოვახერხებთ ამას და სამართლიანობა იზეიმებს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ნაფიც მსაჯულთა სისტემის ხარვეზებზე ღიად საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელია ამობოს, რომ ამ სისტემის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყოს განწყობილი. მისივე თქმით, ცვლილებები შევიდა და შეიზღუდა ნაფიც მსაჯულთა განსახილველი საკითხები. რაც შეეხება საკითხს, უნდა გაუქმდეს თუ არა საერთოდ ნაფიც მსაჯულთა სისტემა, დეპუტატი აცხადებს, რომ ამ საკითხს მომზადება სჭირდება.

“რაც შეეხება საკითხს, საერთოდ უნდა გაუქმდეს თუ არა, ასე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ეს არის საკონსტიტუციო ჩანაწერი და კონსტიტუციურ ცვლილებას სჭირდება მომზადება და საერთო-სახალხო განხილვა”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ  ის საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების წინააღმდეგი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ ქვეყანაში ეს სისტემა ვერ გაამართლებდა. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებული პროცესების  შემდეგ კი ხმალაძე აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა გაუქმდეს. ვახტანგ ხმალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს, არ არის საკმარისი საფუძველი იმის სათქმელად, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნდა გაუქმდეს.

“საქართველო პატარა ქვეყანაა საიმისოდ, რომ ნაფიც მსაჯულს ბრალდებულისა თუ დაზარალებულის მხარეს საერთო ნაცნობი არ აღმოაჩნდეს. კიდევ ერთი საკითხია, რომ შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა მიმართ დაცვის ღონისძიებების გამოყენება გახდეს საჭირო – სახელის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა… საქართველოში ეს ვერ იმუშავებს, რადგან აქ ადამიანი ვერ დაიმალება, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. მიმაჩნია, რომ არ უნდა იყოს, მაგრამ, სანამ კონსტიტუციაში ეს ნორმა გვაქვს, ამან უნდა იმუშაოს”, – აცხადებს ხმალაძე.

აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმცირესობაში.

“ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და ის არის ერთ-ერთი  მთავარი გარანტი  სასამართლოს დამოუკიდებლობის. ის არის გარანტი იმისა, რომ საზოგადოება თავად იქნება ჩართული  მართლმსაჯულებაში, ძალიან ცალსახაა და აშკარაა, რომ ხელისუფლებას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო  არ უნდა  და სწორედ ამის გამო ხორციელდება  დარტყმები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიზე“,-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გივი თარგამაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების აცილებას ითხოვდა.

ამასთან, მოსამართლის განჩინებით, აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვების დასრულებამდე ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა შეიზღუდა. საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

რა ვერდიქტით დასრულდება ლაშა  მახარაძის მკვლელობის საქმე ეს ახლა ნაფიცი მსაჯულების ახალ შემადგენლობაზეა იქნება  დამოკიდებული.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები