“მუნის გახშირებული შემთხვევები არის, თუმცა, შეუსაბამოდ მიმაჩნია იმ პანიკის არსებობა, რაც, ინტერნეტსივრცეშია”- დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი
„კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ დერმატო-ვენეროლოგის, პროფესორ თინა ქიტუაშვილის განცხადებით, მუნით დაავადების შემთხვევების გარკვეული მატება არის, თუმცა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ ქიტუაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“გარკვეული მატება არის, დღეში ერთი პაციენტი შეიძლება, მოვიდეს [მუნით დაავადებული], თუმცა , 20 პაციენტს შორის. პროცენტულობას ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია არ მაქვს. გახშირებული შემთხვევები არის, მაგრამ ეს ჩემთვის აბსოლუტურად ლოგიკურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მუნი დიაგნოსტირებულია, მაგრამ მესამე ექიმი ვარ და ვერ მიაღწიეს [განკურნებას]. ექიმმა უნდა მოიცალოს, პაციენტს დეზინფექციასთან დაკავშირებული ნიუანსები უნდა დაუწეროს. ოჯახში ტკიპა არსად უნდა დარჩეს. მაგალითად, რბილ ავეჯში მტვერსასრუტით შეიძლება, მივაღწიოთ იმას რომ, შემდეგ გადამდები არ იყოს. ნიუანსია [დაავადების გადადებისთვის] მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი. პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ვიცი, რომ სკოლებში დეზინფექციები ჩატარებულია. დეზინფექცია ძალიან მარტივად ტარდება. სველი წესით გადავწმინდოთ ის, რასაც ვეხებით, ის მუნის ტკიპას იღებს. ხანგრძლივად თუ არ არის ხახუნის მომენტი, გადადების რისკი არაა. ამიტომ, აბსოლუტურად, შეუსაბამოდ მიმაჩნია დღეს იმ პანიკის არსებობა, რაც, ალბათ, ინტერნეტსივრცეშია. ჩემთვის როგორც 47 – წლიანი სტაჟის მქონე ექიმისთვის, აბსოლუტურად ლოგიკურია, არდადეგების შემდეგ, რაღაც ინფექციის გავრცელება. შემთხვევების მატება, შესაძლებელია, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იყოს. ბავშვები სექტემბერში დაბრუნდნენ, სკოლები, ბაღები გაიხსნა, გავრცელდა.
თქვენი საგანმანათლებლო გადაცემების შემდეგ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იქნება, მუნის შემთხვევები გამოვლინდება, მკურნალობას მიმართავენ. მკურნალობა ძალიან მარტივი და ეფექტიანია. ეს ტალღა, ალბათ, მინელდება, თუმცა, არ ვართ დაცული იმისგან, რომ როდესმე კიდევ არ იქნება, მაგალითად, თებერვალში, ან მომავალი არდადეგების შემდეგ. როდესაც პანიკაზე, პანდემიაზე ვსაუბრობთ, იქ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი უნდა იყოს დაავადებული. ამას ვერ ვიტყვი. გუშინ მყავდა პაციენტი ფსორიაზითაც, აკნეთიც, როზაცეითაც, 15 პაციენტს შორის ერთადერთი შემთხვევა იყო, რომელიც მუნით იყო დაავადებული. თუ კაბინეტის მომართვიანობაზე ვისაუბრებთ, ეს თვალშისაცემია, მაგრამ, საპანიკო არაა. პაციენტები უფრო ბავშვები არიან”, – განაცხადა თინა ქიტუაშვილმა.
თამუნა შეყილაძე