„ყველასათვის შეურაცხყოფაა, რომ პირი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების ეშინია, მნიშვნელოვანი რეგიონის მმართველად დანიშნეს“

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის პირად მოსაზრებას ამერიკული პერიოდული ჟურნალი „The National Interest“    სათაურით -„სააკაშვილი და სტანისლავსკის მმართველობის სკოლა“ აქვეყნებს.
ჯაფარიძე სტატიაში წერს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი, ქვეყნის მმართველობისას  აკონტროლებდა უშიშროების ძალებს, მოულოდნელად თავს ესხმოდა მედიასაშუალებებს, აკონტროლებდა ნებისმიერს, ვისი შემოსავალიც რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებდა, იყენებდა წამებას ციხეებში, თუმცა არსებობდა ასევე მთავარი სცენა: სააკაშვილი გმირულად ებრძოდა კორუფციას, სრულად დაშალა პოლიციის სისტემა და პოლიციის ახალი კორპუსის შექმნა ნულიდან დაიწყო.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კარიერა იმის საფუძველზე განვითარდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა: გაისინჯა როლზე, მიიღო როლი, ითამაშა ეს როლი და საჭიროებისას რეჟისორთან სიტყვაც კი ეთქმოდა. ამჟამად მან ეს ყველაფერი ხელახლა გაიმეორა. უკრაინის მთავრობამ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა, გააკეთა სვლა, რომლის უფლებაც მას აქვს, როგორც სუვერენულ მთავრობას, მაგრამ ეს არის, ამავე დროს, ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი დომინანტური მოსახლეობის ანტაგონიზმს. რამდენადაც ეს დანიშვნა შესაძლოა, წარმატებული ჩანდეს, თუ მის ბიოგრაფიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ეს სააკაშვილის გარემო პირობებისადმი ადაპტაციის უნართან შესაბამისია.  სააკაშვილი სწავლობდა იურისპრუდენციას და ადამიანის უფლებებს ევროპაში და აშშ-ში და ითვისებდა ნორმატიული დაახლოების რიტუალებს.  მან შეისწავლა რუსული ენა მაშინ, როდესაც რუსულის ცოდნა ძალაუფლებისკენ მიმავალი გზა იყო; მან შეისწავლა ინგლისური, როდესაც დრო შეიცვალა. ის საუბრობს ხუთ ენაზე, მათ შორის უკრაინულად. ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში  მან არცთუ ბევრი მეგობარი შეიძინა უმაღლეს წრეებში. მნიშვნელოვანი ფაქტორი: როდესაც ჩირაღდნები მიპყრობილია უკრაინისკენ, ის მზად იქნება და დადგამს კარგ შოუს“, – აღნიშნავს ჯაფარიძე სტატიაში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე The National Interest-ში წერს, რომ ექსპრეზიდენტი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს პრეზიდენტებს შორისაა.
“აგრესიული რეფორმატორი; დასავლური ცივილიზაციის დამცველი; პატარა ყოფილი საბჭოთა ქვეყნის  პროდასავლელი  ექსპრეზიდენტი, რომელიც  დევნილობაში საკუთარი ნებით იმყოფება; ტაფტის აკადემიკოსი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს  მთავარი ლობისტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი, რომელიც უკრაინის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს შორის მეექვსე ადგილზეა, რომელიც ანექსირებული ყირიმიდან და მოლდავეთის განდგომილი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეგიონიდან – დნესტრისპირეთიდან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების პირველ თაობაში სააკაშვილი მომავლის სახე იყო. ჩვენ უნდა დაგვეწყო არა მხოლოდ “სახელმწიფოს” შექმნა, რაც ოდნავ უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ფეოდალური მმართველობა, არამედ  ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა, სხვადასხვა არჩევანით და რეალური შესაძლებლობებით. რადგანაც საქართველო  ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებს შორის ეკონომიკურად და სოციალურად ერთ-ერთი ყველაზე მეტად განადგურებული ქვეყანა იყო, საჭირო იყო მნიშვნელოვანი ძალისხმევა აღნიშნულის მისაღწევად. ჩვენ გვჭირდებოდა, რომ მსოფლიოს დავენახეთ არა ისეთი, როგორიც ვიყავით, არამედ ისეთი, როგორიც შეგვეძლო გავმხდარიყავით. დღევანდელი უკრაინის მსგავსად საქართველო დანაწევრებული იყო მცირე და უფრო ფართო მასშტაბის სამოქალაქო ომების შედეგად და ხალხს სურდა ძლიერი მმართველი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ძალაუფლებისთვის წვრილმან თამაშებს. ჩვენი საკუთარი ლიდერი, მაგრამ არა მხოლოდ: სააკაშვილი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. თამაშის სახელი არ იყო დემოკრატი, რომელსაც სურდა ხალხის ნება-სურვილის ხორცშესხმა და არც მხოლოდ ვესტერნიზებული რეფორმატორი. ეს იყო ორივე ერთად: ერთი მხრივ, ეფექტური მტკიცე ხელის მქონე საბჭოთა ლიდერი, რომელიც მზდ არის დადგეს ყველა ბელადზე მაღლა და, მეორე მხრივ, დასავლელი ლიდერი, რომელიც ქართველებს კანონიერებაზე ესაუბრება. ეს იყო სხვადასხვა რამ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანებისთვის”, – წერს ჯაფარიძე.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი  ერთდროულად საბჭოური და პროსაბჭოური იყო.
“სააკაშვილი აკონტროლებდა უშიშროების ძალებს; მოულოდნელად თავს ესხმოდა მედიასაშუალებებს; აკონტროლებდა ნებისმიერს, ვისი შემოსავალიც რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებდა; ყველას, ვინც ქვეყანაში ოდნავ უფრო მდიდარი იყო,  “არწმუნებდა”, რომ “განეხორციელებინათ დონაცია”, ხშირად საპროცესო შეთანხმების კონტექსტში; ის იყენებდა წამებას ციხეებში და, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ციხეებში ადგილი ჰქონდა მოწინააღმდეგეების გამიზნულ მკვლელობებსაც კი. ეს იყო ადგილობრივი ბელადი სააკაშვილი, რომელიც აკეთებდა იმას, რაც უნდა გაკეთებულიყო. არსებობდა ასევე მთავარი სცენა: სააკაშვილი გმირულად ებრძოდა კორუფციას, სრულად დაშალა პოლიციის სისტემა და პოლიციის ახალი კორპუსის შექმნა ნულიდან დაიწყო, შექმნა სისტემა, სადაც ძალიან ადვილი იყო კადრების განთავისუფლება და დაქირავება (უცხოელი ინვესტორებისთვის). ის დაუღალავად – ზოგიერთის აზრით უგუნურად – ებრძოდა რუსეთს, არა იმიტომ, რომ გაემარჯვა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ წარმოჩენილიყო ეს ბრძოლა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სააკაშვილი  ხშირად მართავდა კარგ დუელს პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ. პატარა “პოსტ-საბჭოთა” ან “ახლო საზღვარგარეთის” ქვეყნის პრეზიდენტი ბედავდა, რომ პუტინისთვის ეწოდებინა მატყუარა, “ლილიპუტინი”;  სამაგიეროდ პუტინი სააკაშვილს “კვერცხებით დაკიდებით” დაემუქრა. თითოეული აჰყვა მეორის ქმედებას. შემდგომში საქართველო ემსგავსება  სიურეალისტურ ადგილს, რომელიც ჯონათან სვიფტის და ჯორჯ ორუელის ფანტაზიების გვაგონებს  და სადაც სატირალი უფრო მეტია, ვიდრე სასაცილო.  მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრ ადამიანს მოსწონდა პრეზიდენტი მათი მდგომარეობის შეცვლისათვის”, – აღნიშნავს სტატიაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
The National Interest-ის სტატიაში ჯაფარიძე ასევე აცხადებს, რომ წარუმატებლობის არ შემჩნევა მთავარი საიდუმლოა იმისა, რასაც შეიძლება სტანისლავსკის მმართველობის სკოლა ეწოდოს.
„სააკაშვილს არ წაუგია რუსეთთან ომი 2008 წელს; მან დაიცვა დასავლეთი!  მას არ წაუგია 2012 წლის არჩევნები; მან დიდსულოვნად აღიარა დამარცხება! ის არ გაქცევია იმ ხალხის რისხვას, რომელსაც ის აწამებდა;  ის განდევნილია “საკუთარი ნებით”! მას სჯეროდა კანონის უზენაესობის, რომელიც ჩვენთვის, დანარჩენებისთვის არსებობს. თუ ეს აღქმის საკითხია, სააკაშვილი ითამაშებს როლს; თუ წარუმატებელი იქნება, ოდესა დარჩება წაგებული. ლიდერი, რომელიც მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ წარუმატებლობაზე, საშიშია, რადგანაც ის განსაკუთრებით უგუნურია. დრო შეიცვალა. 2015 წლის უკრაინა არ არის ადრეული 2000-იანი წლების საქართველო. ის, რაც ხდება ქვეყანაში, ნიშნავს უფრო ბევრს და განიხილება უფრო მეტად. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში, რუსულენოვანი მოსახლეობა, მიმდინარე სამოქალაქო ომი, პროვოკაციული სააკაშვილი ტირასპოლიდან და ყირიმიდან რამდენიმე კილომეტრში შესაძლოა, გახდეს კონფლიქტის კატალიზატორი.  აქ არ არის სატრაბახო პოლიტიკის ადგილი. ჩემთვის მტკივნეულია ამ  დაკვირვებების წარმოება, რადგან არ ვცდილობ საკააშვილის წინააღმდეგ ქულების დაწერას. ჩემი რეალური შეშფოთება დაკავშირებულია უკრაინის მომავალთან, რამდენადაც ის გავლენას ახდენს საქართველოს და ასევე მოლდავეთის დამოუკიდებლობაზე. სამწუხაროდ, დასავლეთის წარმომადგენლები და სტრატეგიული პარტნიორებიც კი, უკრაინის მსგავსად, აგრძელებენ სააკაშვილის მიმართ რწმენას. ვაშინგტონი გვაფრთხილებს იმ პირების დევნასთან დაკავშირებით,  რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელებული ქმედებებისთვის. ევროპის ქრისტიან-დემოკრატები  განაგრძობენ მის პოსტსაბჭოთა დემოკრატიის ფუძემდებლად  წარმოჩენას. ამჟამად ყველასათვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ის, რომ კიევის წამყვანმა პოლიტიკოსებმა პირი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების ეშინია, კრიმინალური ბრალდების გამო, დანიშნეს მნიშვნელოვანი რეგიონის მმართველად, სადაც თავმოყრილია რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი. საქართველო გადაიტანს სააკაშვილის ამ უკანასკნელ მანევრს, მაგრამ იქნება უკრაინა ასეთივე იღბლიანი? აპირებს ის აღჭურვოს სააკაშვილი ისეთივე ძალაუფლებით, როგორიც მას საქართველოში ჰქონდა? იქნება ის უფლებამოსილი განახორციელოს თავდასხმები ოპოზიციის შტაბებზე ან დაეუფლოს ოპოზიციურ ტელევიზიებს და რადიოსადგურებს ისეთივე მეთოდით, რომელსაც იყენებდა საქართველოში განსხვავებული აზრის ჩასახშობად? მიიღებენ ისინი მის დაპატიმრებებს, წამებას, კერძო საკუთრების კონფისკაციას და მკვლელობასაც კი ისეთი ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობისთვის, როგორიც მან  საქართველოში შექმნა? და გარდა ამისა, სურს თუ არა უკრაინას რეგიონი მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობით იმართებოდეს იმ პირის მიერ, რომელმაც არაერთხელ გამოხატა სიძულვილი პრეზიდენტი პუტინის და რუსეთის ფედერაციის მიმართ? თუ სააკაშვილი რეალურად დატოვებს საქართველოს მოქალაქეობას, თბილისში მიზეზი გვექნება, ვიზეიმოთ ეს სამწუხარო შეცდომა, მაგრამ იზეიმებენ თუ არა უკრაინელები, ეს სხვა საკითხია”, – აღნიშნავს თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები