“უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას”,-
ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ელჩ პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ შეხვედრას ეხმაურება.
როგორც განცხადებაში წერია, ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს.
“2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან. მათ სორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი დაადასტურა.
ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.
ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს”,- წერია განცხადებაში.