ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი გიორგი ოქროპირიძისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისათვის საქართველოს სს სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ახალი ბრალის წაყენების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამების თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული ან გახდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.
2014 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 და 8 დაწესებულებებში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, იმავე წლის 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გიორგი ოქროპირიძე განმარტავდა, რომ №3 და №8 დაწესებულებების თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრნენ შიმშილობის გამოცხადების გამო.
2014 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2014 წლის 2 ოქტომბერს მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა გიორგი ოქროპირიძე. ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება რამდენჯერმე შეწყდა, რომელიც საბოლოოდ განახლდა 2015 წლის 6 ივნისს სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით. 2015 წლის 7 ივნისს ზემოაღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელიც იმავე დღეს შეწყდა. ხოლო, 2015 წლის 7 ივნისს გამოძიება გაგრძელდა ცრუ დასმენის ფაქტზე, რაზეც, 8 ივნისს გიორგი ოქროპირიძეს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან 6 წლამდე. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი. მსგავსი პრეცედენტი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, არა მხოლოდ გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფო მიერ არაერთგზის ნაკისრი – წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას. საქართველოს პროკურატურამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ინსტიტუტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უმაღლეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს სახალხო დამცველს და არ გამოიყენოს ამ ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებები კონკრეტულ პირთა მიმართ უფლებების დარღვევის საფუძვლად.