ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების პასპორტიზაციის ღონისძიებებს იწყებს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დღეიდან თბილისში ბინადარი უსახლკარო/უპატრონო ძაღლების პასპორტიზაციის (რაოდენობის დადგენის) ღონისძიებების მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპს იწყებს. ძაღლების პასპორტიზაციის ღონისძიებები ჩატარდება ყოველდღე, ორ ეტაპად – 06:00 – 09:00 და 18:00 – 21:00 საათების შუალედში.
“დღეისთვის დასრულებულია პრაქტიკული ღონისძიებების მოსამზადებელი ეტაპი – განხორციელდა სააგენტოში არსებული სხვადასხვა მონაცემის (გამოძახებათა რაოდენობა, რეაგირების ფაქტების რაოდენობა, საყურადღებო მისამართები და სხვა) ანალიზი, მიღებულია წინასწარი მონაცემები ძაღლების რაოდენობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და გამგეობებისგან და დაიგეგმა პასპორტიზაციის კონკრეტული ღონისძიებების ადგილები, მეთოდიკა და განრიგი.
ძაღლების პასპორტიზაციის ღონისძიებები ჩატარდება ყოველდღე, ორ ეტაპად – 06:00 – 09:00 და 18:00 – 21:00 საათების შუალედში. ღონისძიებების ძირითადი შემსრულებელია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელია პროფესორი იასონ ბადრიძე, ხოლო პასპორტიზაციის საერთო პროცესს კონტროლს გაუწევს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო.
ძაღლების პასპორტიზაციის პრაქტიკული ეტაპი დაიწყება გლდანიდან. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა გააჩნია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ძაღლების პასპორტიზაციის პრაქტიკულ ღონისძიებებში, რისთვისაც აუცილებელია მსურველი წინასწარ დაუკავშირდეს პროექტის კოორდინატორს (ნიკა არაგველი – 577 958599), შეავსოს შესაბამისი განაცხადი, გაეცნოს ღონისძიებების მეთოდიკას და გეგმას“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.