„პოზიციის“ ახალგაზრდულმა ფრთამ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე აქცია-პერფორმანსი უკვე მეორედ მოაწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისის ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელთან აქცია-პერფორმანსი უკვე მეორედ მოაწყო და ამით მძღოლებს მოუწოდა, რომ გზა დაუთმონ ქვეითად მოსიარულეებს იქ, სადაც მათ გზის გადაკვეთისას პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული.

როგორც ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დემეტრე ცხვიტავამ განაცხადა, თბილისში მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა მოძრაობის წესებს ხშირად არღვევს და განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს ე.წ. ზებრა გადასასვლელებზე ხდება, სადაც ქვეითად მოსიარულეთა უფლებების ყოველდღიურ დარღვევას აქვს ადგილი.

„ჩვენ ამ აქციას უკვე მეორედ ვატარებთ. დღეს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ ქვეითად მოსიარულეებს, რომ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე პრიორიტეტი მათ ენიჭებათ და მძღოლები ვალდებულნი არიან, გაატარონ ისინი.

აღნიშნული აქციების მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა, – როგორც მძღოლების, ისე ქვეითად მოსიარულეთა თვითშეგნება, რათა უფრო უსაფრთხო გახდეს დედაქალაქში მოძრაობა და თავიდან ავიცილოთ არასასურველი შემთხვევები. დროა, თითოეულმა მძღოლმა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ზებრა გადასასვლელთან მიახლოებისას მოძრაობის შენელება, შემდგომ კი გაჩერება და ქვეითად მოსიარულეთა გატარება“, – განაცხადა დემეტრე ცხვიტავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთა ანალოგიური აქცია-პერფორმანსების მოწყობას ყოველთვიურად აპირებს. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი აქციები მძღოლებს უფრო მეტად დააფიქრებს, რომ ქვეითად მოსიარულეებს გზა დაუთმონ. „პოზიციაში“ აცხადებენ, რომ აქციები ხელს შეუწყობს დედაქალაქში მოძრაობის წესების დაცვასა და ქვეითად მოსიარულეთათვის უფრო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები