ხვალ მარათონი “ერთად ვიმარჯვებთ” მიცკევიჩის ქუჩიდან დაიწყება

ხვალ, 7 ივნისს, მარათონი “ერთად ვიმარჯვებთ” მიცკევიჩის ქუჩინდან, საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, დილის 09:00 საათზე დაიწყება.

როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა განაცხადა, მარათონი საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ არის ორგანიზებული.

ამავე ინფორმაციით, მარათონის მონაწილეები გაირბენენ მიცკევიჩის ქუჩას და პეკინის გამზირზე გავლენ, შემდეგ გმირთა მოედნიდან ფილარმონიასთან მოხვდებიან და თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

მარათონი კონცერტით თავისუფლების მოედანზე დასრულდება. მოხდება მარათონში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ღონისძიება თავისუფლების მოედანზე სავარაუდოდ 15:00 საათზე დასრულდება.

სწორედ მარათონის გამო, ხვალ გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

09:00 საათიდან 15:00 საათამდე, მარათონის ჩატარების პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.

აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.

სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.

ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით.

რაც შეეხება კოჯრის გზატკეცილზე მომუშავე მარშრუტებს, ტრანსპორტი მობრუნდება ამაღლების ქუჩაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები