რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

რიმა ბერაძემ რაიონის მაცხოვრებლებს ანგარიში წარუდგინა და მათი პრობლემები მოისმინა. დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან, დედაქალაქის მერთან დავით ნარმანასთან და რაიონის გემგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად შეხვდა.

რიმა ბერაძემ საკუთარ გამოსვლაში დამსწრე საზოგადოებას რაიონში განვლილი ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაობის თაობაზე ინფორმაცია დეტალურად წარმოუდგინა.

„1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ ნდობა გამომიცხადა და საკუთარ მაჟორიტარად ამირჩია. ჩვენ, დედაქალაქის საკრებულო თბილისის მერთან და რაიონის გამგებელთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად ვმოქმედებთ და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, სპეციალური გეგმის მიხედვით მნიშვნელოვან და საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. დღეს მე ანგარიში ჩავაბარე ჩემი რაიონის მოსახლეობას და მათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების, ასევე იმ ხედვების თაობაზე ვესაუბრე, რაც რაიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით გაგვაჩნია’’, – განცხადა რიმა ბერაძემ. დეპუტატმა მოსახლეობას ჩატარებული სამუშაოების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოაწოდა და ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ავარიული შენობების გამაგრებითი და ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, საბავშვი ბაგა– ბაღების მშენებლობა, ასევე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი პორექტები, როგორიცაა აუტუზმითა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობა და სხვა.

რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ სწორედ მოსახლეობის თანადგომითა და დახმარებით ხდება შესაძლებელი ყველა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება. შეხვედრის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა.

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დედაქალაქში ჩვენი მმართველობის პერიდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ჯერ კიდევ არაერთი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმედი მაქვს, რომ მერიისა და საკრებულოს ერთიანი ძალისხმევით, ასევე მოსახლეობის ჩართულობითა და თანადგომით მათი დიდი ნაწილი ძალიან მალე მოგვარდება’’,–აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მიესალმა, ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან საკუთარი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რაიონიდან დაიწყო და მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების პირველი პრეცედენტიც დღეს სწორედ ჩუღურეთის რაიონში შედგა. ,,ჩვენ ვემსახურებით ხალხს და თქვენი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ თქვენი მაჟორიტარის, რიმა ბერაძის ძალისხმევითა და ჩვენი თანადგომით, ჩუღურეთის რაიონის ბიუჯეტი საკმად გაიზარდა, რაც არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების საწინდარია’’,–აღნიშნა ნარმანიამ და მოსახლეობის არა მხოლოდ კონკრეტულ რაიონში, არამედ დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების და ასევე არსებული გეგმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს, რიმა ბერაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარს გაწეული საქმიანობისა და ასევე თანადგომისთვის მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები