თანამებრძოლებმა დაღუპული გმირები გაიხსენეს
ავღანეთში, მოწინავე ბაზა „ორბზე“ მომხდარი ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. დაღუპული გმირების ოჯახებს თანამებრძოლებმა თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის სახელით თანაგრძნობის წერილები და ყვავილები გადასცეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ჰელმანდის პროვინციაში 2013 წლის 6 ივნისს მოწინავე საპატრულო ბაზა „ორბზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების – კაპრალების თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ბორის ცუგოშვილის, პირველი კლასის რიგითების – ზურაბ გურგენაშვილის, ზვიად სულხანიშვილის, გიორგი ღუჭაშვილისა და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილის ხსოვნას.