საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს “მაგთიკომს” აფრთხილებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს “მაგთიკომს ” აფრთხილებს. კომისიამ „მაგთიკომს“ გაფრთხილების შესახებ წერილი გაუგზავნა, სადაც მიზეზად არასათანადო და შეცდომაში შემყვანი კომერციული რეკლამის განთავსება დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთვაზობთ.
“კომისიამ აღნიშნულ საკითხზე წარმოება კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. კომერციულ რეკლამაში “მაგთიკომი” მომხმარებელს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას სთავაზობს, შემდეგი ტექსტით:
“17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგიური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ „მაგთისატში“, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, „მაგთისატი“ პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი”.
კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ შპს “მაგთიკომის” სარეკლამო რგოლი არასათანადო და შეცდომაში შემყვანია, რადგან პოტენციურ მომხმარებელს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას მომსახურების შესახებ, რადგან “სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე” ქართულ არხებს ვერ უყურებს მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს და ამავე დროს, შედარებით მოძველებული მოდელის ტელევიზორი აქვს. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობს (საკაბელო ოპერატორების) ან/და ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე ტელევიზორი აქვს, სპეციალური ციფრული დეკოდერი არ დასჭირდება და 2015 წლის 17 ივნისიდანაც გააგრძელებს ქართული პროგრამების მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს “მაგთიკომს” წერილობით გაფრთხილება დაეკისრა და დაევალა არასათანადო და შეცდომაში შემყვანის სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა”, – აცხადებენ კომისიაში.