ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ალექსანდრე ე. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თამბაქოს სავაჭრო ჯიხურში ყალბი კუპიურის გასაღებას ცდილობდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ყალბი 556 ათასი რუსული რუბლი (17 850 ლარის ეკვივალენტი) და 2 ცალი ყალბი 10-ლარიანი კუპიურა, ხოლო მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ფერადი პრინტერი ამოიღეს. ალექსანდრე ე. დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.