დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს
გაერთიანებულმა სამეფომ დაგმო ირანში მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა და განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად დამატებით სანქციებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კითხვების დასმისას კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მან „ყველაზე მკაცრად დაგმო ირანში მომიტინგეების ამაზრზენი რეპრესიები და მკვლელობები“.
„ირანელი ხალხის გამბედაობასა და მათი სასოწარკვეთილი რეჟიმის სისასტიკეს შორის კონტრასტი არასდროს ყოფილა ასეთი ნათელი“, – თქვა მან.
გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან ერთად კოორდინაციას უწევს დამატებით სადამსჯელო ზომებს.
„ჩვენ პირისპირ გავაპროტესტეთ ეს სისასტიკე, მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ შემდგომ სანქციებზე და ყველაფერს ვაკეთებთ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების დასაცავად“, – განაცხადა სტარმერმა.
ირანის ოფიციალური პირების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში „არეულობის“ დროს 100-ზე მეტი უსაფრთხოების თანამშრომელი დაიღუპა და პასუხისმგებელნი არიან სავარაუდო „უცხო ელემენტები“ და შეიარაღებული „ტერორისტები“.