ირანის გენერალურმა პროკურორმა მომიტინგეების ქონების კონფისკაცია მოითხოვა
ირანის გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ მოვაჰედი აზადმა, განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ მომიტინგეების აქტივები და ამის შესახებ პროკურატურას შეატყობინონ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ირან ინტერნეშენალი“ ავრცელებს.
მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოავლინონ და წარადგინონ ინფორმაცია მომიტინგეებთან დაკავშირებულ ქონებაზე, რაც სამართლებრივი ღონისძიებების საფუძველი გახდება.
მან ასევე დასძინა, რომ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომლებმაც ფინანსური ზარალი განიცადეს, უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები და მტკიცებულებები დადასტურებისთვის, რათა ხელისუფლებამ შეძლოს მომიტინგეებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების მიღება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი არის ნაწილი მთავრობის მიერ საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ გამართული ფართომასშტაბიანი რეპრესიებისა.