ზაზა გაბუნია სახალხო დამცველს ზღვის უბნის მცხოვრებლების საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ ზღვის უბნის მცხოვრებლებთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახალხო დამცველს გააცნო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა გაბუნიამ ომბუდსმენს იმ წინადადებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც დედაქალაქის მთავრობა ოთხ კორპუსში თვითნებურად შესულ ოჯახებს სთავაზობს.

მერია მზად არის ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს სარგებლობაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები გადასცეს. იმ დროის განმავლობაში, სანამ აღნიშნული ფართები გარემონტდება, ნაძალადევის გამგეობა მათი ქირით გაყვანას და ყოველთვიურად 500 ლარამდე კომპენსაციის გადახდას უზრუნველყოფს. აღნიშნული შეთავაზებები თბილისის მთავრობის განკარგულებაშია ასახული, რომელიც 2015 წლის 13 მაისს გამოიცა.

“ზღვის უბნის ოთხივე კორპუსში თვითნებურად შესულ ადამიანებს ჩვენ უპრეცენდენტო შეთავაზებას ვუკეთებთ. ამ ხალხზე არ უზრუნია წინა ხელისუფლებას, რის შედეგადაც მივიღეთ წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა და მოქალაქეებს შორის კერძო დავა. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო თბილისის მთავრობამ ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ეს ოჯახები, ალტერნატიულ ფართში, სტაბილურ და ნორმალურ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა მოიწონა დედაქალაქის მთავრობის ინიციატივა. უჩა ნანუაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად ჩაერთოს ომბუდსმენის აპარატი აღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცესში. შეხვედრას გამგეობისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თბილისის მთავრობის შეთავაზებების შესახებ ზღვის უბნის მცხოვრებლები ინფორმირებულები არიან. საკითხზე დეტალური ინფორმაცია მათ თბილისის მერმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა მიაწოდეს. თვითნებურად შესული ოჯახები ზღვის უბნის 4 კორპუსში 13 წელია ცხოვრობენ, თუმცა საცხოვრებელი ფართები “მეტრომშენის” თანამშრომლების საკუთრებაშია. მესაკუთრეები ამჟამინდელი მცხოვრებლების გამოსახლებას ითხოვენ. კერძო პირებს შორის დავა წლების განმავლობაში გრძელდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობა უკვე რამდენიმე თვეა ქირის კომპენსაციას 11 ოჯახს უხდის. ამ ოჯახების გამოსახლება, კერძო მესაკუთრეების მოთხოვნით, 2014 წლის ბოლოს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები