ტოლმა და შემწვარი კარტოფილი – პრეზიდენტის საყვარელი კერძები

  ცოტა ხნის წინ, სომხეთში ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ეჩმიაძინში აბრამიანების ოჯახი მოინახულა, რომლებმაც მომავალი პრეზიდენტი 80-იან წლებში შვილივით მიიღეს. “კვირის პალიტრა” აბრამიანების ოჯახს ეჩმიაძინში დაუკავშირდა. აბრამიანების ოჯახის უფროსი რობერტ აბრამიანი გიორგი მარგველაშვილის გაცნობის და მათ ოჯახთან დაახლოების ისტორიას იხსენებს. აბრამიანის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის გაცნობა მარგველაშვილის დედის მზეო გომელაურის მეშვეობით მოხდა, რომელიც ეჩმიაძინში შვილის მოსანახულებლად იყო ჩასული (გიორგი მარგველაშვილი იქ სამხედრო ნაწილში მსახურობდა). “სომეხი ვარ, მაგრამ საქართველოში დავიბადე. გიორგის ვიზიტის შემდეგ ყურადღების ცენტრში ვარ – ყველა მეკითხება, როგორ გაიცანი საქართველოს პრეზიდენტიო… გიორგიზე ბევრად უფროსი ვარ, მალე 60 წლის გავხდები. ჩვენ ერთმანეთი დედამისის, ქალბატონი მზიას მეშვეობით გავიცანით, რომელიც შვილის მოსანახულებლად ეჩმიაძინში იყო ჩამოსული (გიორგი აქ სამხედრო ნაწილში მსახურობდა), სასტუმროებში ადგილი არ იყო და მე და ჩემმა მეუღლემ ქალბატონი მზია შინ მოვიპატიჟეთ. მერე გიორგიც გაგვაცნო… მუსიკოსი ვარ და ჩემს ქალაქში მაშინაც მიცნობდნენ. გიორგის მეთაურებთან საქმე ჩავაწყვე, ვთხოვე, რომ ბიჭი ხანდახან ჩემთან გამოეშვათ და ღამეც დარჩენილიყო… გიორგი ყოველთვის მოწესრიგებული და წინდახედული იყო. მაშინ სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები თავს საბჭოეთის შვილებად მიიჩნევდნენ, გიორგი კი სულ ამბობდა, საქართველოს შვილი ვარო“,-აცხადებს აბრამიანი ინტერვიუში. გიორგი მარგველაშვილს ძალიან ნიჭიერ, ალალ, თავისუფალ და საინტერესო მოსაუბრედ ახასიათებს რობერტის მეუღლე ჰასმიგი. მის თქმით, გიორგი მარგველაშვილს დიასახლისის მომზადებული კერძები განსაკუთრებით კი ტოლმა და შემწვარი კარტოფილი მოსწონდა და ნახელავს ხშირად უქებდა კიდეც. “გიორგი მალევე დაგვიახლოვდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ერთი პატარა ოთახი დავუთმეთ, სადაც უამრავი წიგნი ჰქონდა. მაშინ ქართული ფილმები მთელ საბჭოთა კავშირში განხილვის საგანი იყო. მახსოვს მისი ემოცია “მონანიებასთან” დაკავშირებით. სულ მთხოვდა, ბოლომდე მეყურებინა, მეორე დღეს აუცილებლად მკითხავდა, – ნახეო? როდესაც სომხეთში დიდი მიწისძვრა მოხდა (1988 წლის სპიტაკის ტრაგედიას ვგულისხმობ), დედამისი და ჩემი მეუღლე ქუჩაში იყვნენ, გიორგის ნაწილთან იცდიდნენ. მეთაურისთვის უნდა ეთხოვათ, ცოტა ხნით გაეთავისუფლებინა. გიორგის გამოსვლამდე მიწისძვრაც მოხდა… არც გაზი გვქონდა, არც შუქი, არც წყალი… დახოცილი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში ეყარნენ. ეს ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა და ჩვენსავით განიცადეს. გვერდში გვედგნენ, როგორც შეეძლოთ… 2-3 დღის შემდეგ, რყევები განმეორდა. გიორგიც სახლში იყო, შიშისგან გიჟებივით გავცვივდით ქუჩაში. გიორგი მეცა, ჰასმიგ, ფული, ძვირფასეულობა და საბუთები მაინც წამოიღე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩეთ, რა გეშველებათო… ძალიან ნიჭიერი, ალალი, თავისუფალი და საინტერესო მოსაუბრე იყო. ბევრს კითხულობდა. ბულგაკოვი უყვარდა ძალიან. რეგულარულად ეცნობოდა ფილოსოფიურ ლიტერატურასაც. ჩემი მომზადებული კერძები მოსწონდა და აუცილებლად მეტყოდა, – რა გემრიელიაო… ძალიან უყვარდა ტოლმა და შემწვარი კარტოფილი“,- იხსენებს აბრამიანების დიასახლისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები