კომისიის სხდომაზე თბილისის მასშტაბით ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მასშტაბით ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს.
„თბილისის თასის გათამაშება ქუჩის ფეხბურთში“- პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე მოეწყო. როგორც ტურნირის ორგანიზატორებმა განმარტეს, ჩემპიონატში მონაწილეობას თბილისის ათივე რაიონი მიიღებს და სურვილის შემთხვევაში, მასში 25 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატებიც ჩაერთვებიან.
ჩემპიონატი ოთხი ეტაპისაგან შედგება. შესარჩევი ტურნირი ათივე რაიონში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე გაიმართება ჯგუფური ეტაპები, რის შემდეგაც საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებიფინალურ ეტაპზე გადავლენ.
რაიონებიდან გამოვლენილი ჩემპიონი გუნდებისთვის კი თბილისის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება. ფინალში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი და UEFA-ს სუპერ თასზე დასასწრები ბილეთები.
„თბილისის თასის გათამაშება ქუჩის ფეხბურთში“ 1 ივლისს დაიწყება. საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დედაქალაქში ქუჩის ფეხბურთის ტრადიციის ჩამოყალიბებას.
„საპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტული ღონისძიებების პოპულარიზაციას ყოველთვის შეუწყობს ხელს. საკრებულოს დეპუტატები მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, გვერდით დავუდგეთ მსგავს წამოწყებებს და ჩვენი მხრიდან, შესაბამისი დახმარება გავუწოთ მათ’’,–განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ააიპ,, ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნების თაობაზე იმსჯელეს და მერიის შესაბამის სამსახურს თანხმობა განაცხადეს. სხდომას კომისიის წევრების გარდა მაჟორიტარი დეპუტატები, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და სამჟორიტარო ბიუროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები