კუს ტბის ტერიტორიაზე მავნებლებით დაავადებული ფოთლოვანი ხეები ქიმიურად დამუშავდა
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე მავნებლებით დაავადებული ფოთლოვანი ხეები ქიმიურად დამუშავდა.
სხვადასხვა სახეობის 4 500 -მდე ფოთლოვან მცენარეს (იფანი, ნეკერჩხალი, რცხილა და სხვა) წამლობა უსაფრთხო ბიოპრეპარატ „ლეპიდოციდის“ გამოყენებით ჩაუტარდა. შეწამვლითი სამუშაოები 80 ჰა ფართობზე განხორციელდა.
მავნებლები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ათწლეულების განმავლობაში, დედაქალაქის შემოგარენისა და ფერდობების როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ნარგაობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი სწრაფი გავრცელების პირობებში ხეების, განსაკუთრებით წიწვოვანი ნარგაობის ინტენსიურ ხმობას იწვევს. მავნებლებით ფოთლოვანი ნარგაობის დაზიანების შემთხვევაში მათ გადასარჩენად აუცილებელია ფიტოსანიტარიული ღონისძიებების დროულად ჩატარება, რათა საშიში კერების ლოკალიზება მოხდეს და მავნებლები სხვა ჯანსაღ ხე-მცენარეებზე არ გავრცელდეს. აღნიშნული წამლობაც მავნებლების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა-განადგურების მიზნით ტარდება. სამუშაოები ეტაპობრივად ტარდება.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, შეწამლვა ფოთლოვანი ნარგავების მავნებლის მზომელასაგან დასაცავად ხორციელდება, სამუშაოები კი, თბილისის გარშემო, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„სამუშაოები მიმდიანრეობს იმ ადგილებზე, რომლებიც შარშან ვერტმფრენით შეიწამლა. განმეორებით წამლებას ვაკეთებთ იქ, სადაც კიდევ იყო დარჩენილი გარკვეული რეციდივები. ეს იქნება ძალიან შედეგიანი“,-განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
აღნიშნული ღონისძიებები, თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული ფიტოსანიტარიული კვლევის საფუძველზე ტარდება. ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ეთნოგრაფიული მუზეუმისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულ მწვანე ნარგაობას მიმდინარე წლის მაისში ჩაუტარდა.
ხეების შეწამვლის პროცესს სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი დაესწრო.