სმკ-მა მოქალაქეებს 61 307. 09 ლარი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ 61 307. 09 ლარი შეადგინა.
კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა, სადაც საკითხები განსახილველად წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა.
კომისიამ ჩამოწერას დაუქვემდებარა კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული თანხები, რომელთა ნაწილი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულ დავალიანებად, ხოლო ნაწილი – უსაფუძვლო დარიცხვად. მთლიანობაში 4 ივნისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 61 307. 09 ლარი.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც „ცხელ ხაზზე“: 242 01 80, ასევე კომისიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც.