რამ აატირა პოლონელები ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე? (ფოტოკოლაჟი)
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ღონისძიება პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორებს მხარდაჭერა გაუწია საქართველოში პოლონეთის საელჩომ.
ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო ‘შერატონში“ გაიმართა, ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსის წევრები, პარლამენტარები, ასევე ცნობადი სახეები და პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უფრო მასშტაბურად აღინიშნა. საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული პოლონეთში ქართული სათვისტომო. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან ვარშავაში ფოლკორული ანსამბლი “ერთობა” ჩავიდა.
ანსამბლის წევრებმა ვარშავაში გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პირველად შეასრულეს პოლონეთის ჰიმნი. ანსამბლ “ერთობის“ მიერ შესრულებულმა ჰიმნმა დამსწრე საზოგადოების და, განსაკუთრებით, პოლონელი სტუმრების დიდი ემოციები გამოიწვია, სტუმრების ნაწილმა ჰიმნის შესრულების შემდეგ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ღონისძიებაზე სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძებიც დააგემოვნეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა საინფორმაციო – ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ“ გაუწია.
ღონისძიების დასრულების შემდეგ “კვირასთან“ საუბრისას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ვარშავაში გამართული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ, რომ მათ ქართული კულტურის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. ელჩმა ღონისძიებაში ანსამბლ “ერთობის“ მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მიერ შესრულებული ჰიმნის მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოების ნაწილმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. „ვარაშავაში გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 400-მდე სტუმარი გვყავდა, მათ შორის, პარლამენტის, საგარეო საქმეთა და სხვა უწყებების, ასევე რეგიონების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა – ჩვენი დიასპორა.
წელს კიდევ უფრო მასშტაბური იყო ღონისძიება. „ერთობის“ სახით ძალიან კარგი ჯგუფი ჩამოვიდა ვარშავაში, ძალიან სწრაფად აითვისეს პოლონური ჰიმნი და ვარშავაში ქართველების მიერ პირველად შესრულდა პოლონური ჰიმნი. ამან ძალიან ემოციურად იმოქმედა პოლონელებზე, რამდენიმე მათგანმა მითხრა კიდევაც, რომ ცრემლები ვერ შეიკავეს. სტუმრები ნასიამოვნები დარჩნენ. სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო ღვინო. პოლონელებს ძალიან უყვართ ქართული ღვინო, ღვინის ფართო არჩევანი იყო წარმოდგენილი. ღვინის დეგუსტაციამ სასიამოვო აჟიოტაჟი გამოიწვია. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, რამაც მოწონება დაიმსახურა. თითქმის ყველაფერი იყო, რითაც შეიძლებოდა გაგვეცნო და წარმოგვეჩინა სტუმრებისთვის საქართველო. ისეთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთაც აღინიშნება, ამ დღეს მაქსიმალურად და თან აკუმულირებულ ფორმაში უნდა წარმოაჩინო შენი ქვეყნის კულტურა, ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ, რადგან სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ“,- განუცხადა “კვირას“ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ “კვირას“ პოლონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი კატო ლოლაძეც ესაუბრა. კატო ლოლაძე მოხარულია, რომ ანსამბლ “ ერთობის“ მიერ შესრულებულმა ჰიმნმა და სიმღერებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. პოლონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქართული სიმღერის, კულტურის პოპულარიზაცია. „ვარშავაში გამართულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული ანსამბლი “ერთობა“ მოვიწვიეთ. მოხარული ვარ, რომ მათმა შესრულებამ ასეთი მოწონება დაიმსახურა. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ჩვენ მზად ვართ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“,-აღნიშნა კატო ლოლაძემ.