სერგი კაპანაძე: „ყოჩაღ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს

„დიდი მადლობა და “ყოჩაღ” საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისიებს ნიუ- იორკში და ჟენევაში, ასევე აფრიკის, აზიის და ავსტრალია-ოკეანეთის ქვეყნებში“, – ასე ეხმაურება ექსპერტი სერგი კაპანაძე საქართველოსთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

ექსპერტი დადებით აფასებს რეზოლუციის მიღების ფაქტს და აღნიშნავს, რომ „რუსეთმა ისევ დათმო ეს ბრძოლა გაეროში და მხარდაჭერა გაგვეზარდა“. „გუშინ საღამოს ძალიან კარგი რეზოლუცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. მომხრეების რიცხვი გაიზარდა 6-ით და 75 შეადგინა. სერიოზული დანამატია თურქეთი, ტრინიდადი, გაიანა, პანამა და გვატემალა, ასევე მალავის და სომალის დაბრუნება მომხრეებში. სამწუხარო და გაუგებარია მალდივების და ბურუნდის საწინააღმდეგო ხმა და ავსტრიის მიერ არ-დასწრება. სასიხარულოა, რომ შრი- ლანკამ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს წინა წლების უარყოფითი ხმის შემდეგ.
საბოლოო ჯამში, დიდი მადლობა და „ყოჩაღ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისიებს ნიუ- იორკში და ჟენევაში, ასევე აფრიკის, აზიის და ავსტრალია-ოკეანეთის ქვეყნებში. კარგია, რომ რუსეთმა ისევ დათმო ეს ბრძოლა გაეროში და მხარდაჭერა გაგვეზარდა. ამოცანაა – ისეთივე კონსენსუალური გახდეს ეს რეზოლუცია, როგორც კუბის, ან პალესტინის შესახებ რეზოლუციებია! ამ მიზნისკენ აშკარად მივიწევთ! “ – წერს სერგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. როგორც დონდუამ განმარტა, რეზოლუციას მხარი 75 ქვეყანამ დაუჭირა, რაც გასულ წელთან შედარებით (69 ხმა) ექვსით მეტია. “რეზოლუციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა და ამით თითოეულ დევნილს თანაგრძნობა გამოუცხადა. ეს არის ქართული დიპლომატიის დიდი წარმატება”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას, თუმცა მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები