დუშეთის რაიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, თბილისის გარდა, რეგიონებშიც ითვლიან. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დუშეთის რაიონი დააზარალა, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგიიის მიწოდება შეუწყდა. განადგურდა სასოფლო – სამეურნეო მიწები და სოფლებში მისასვლელი საავტომობილო გზები.
გამთენისას დუშეთის რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე მოხერხდა საავტომობილო გზის აღდგენა.
დუშეთის რაიონის გამგებლის ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემში გზები დააზიანა და ჩაკეტა. გზის პრობლემა შეიქმნა ასევე უკანა ფშავში. მისივე თქმით, დაზიანებულია ელექტრობოძები. კერძოდ, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება. გამგებლის განცხადებით, ადგილზე ბრიგადები იმყოფებიან და სამუშაოები მიმდინარებს. მისივე თქმით, წუხელ ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა – ბაგიჭალა-ბაზალეთის მიმართულებით, თუმცა ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება სოფელ გრემისხევის გზას, გამგებლის თქმით, აღნიშნულ გზაზე ყოველი წვიმის დროს ხდება მეწყერის ჩამოწოლა და ამჟამადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.