ვაკის რაიონის გამგეობა წვიმის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება

ვაკის რაიონის გამგეობა, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ ხუთი ოჯახს ფინანსურად დაეხმარება. როგორც ვაკის რაიონის გამგებელმა დედაქალაქის მთავრობის საგანგებო თათბირის დასრულების განაცხადა, წუხანდელი წვიმის შედეგად ვაკის რაიონში 5 ოჯახის საცხოვრებელი ფართი დაიტბორა.

“ყველა იმ ოჯახს, ვისი სახლებიც დაიტბორა, შესაბამის კომპენსირებას გავუკეთებთ და მოვაწესრიგებთ საცხოვრებელ ფართებს. მანამდე ჩვენ მათ გავიყვანთ ქირით და უზრუნველვყოფთ, რომ დროებით სხვა სახლებში იცხოვრონ”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად გუშინ ადიდდა მდინარე ვერე, რამაც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დააზიანა.

“გუშინ გზების ნაწილში იყო ქვების ჩამოცვენა, გუშინვე ღამით ოპერატიულად იმუშავა ქალაქის მერიამ. სხვა ნაწილში, რაც დაზიანდა. დღესვე დაიწყება სამუშაოები”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, რომ დღეს მთავრობის წევრებმა ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდეს ქალაქის მერს.

“მთელი ღამის განმავლობაში გარეთ ვიყავით, გზები არსად არ გადაკეტილა.მოვახერხეთ პრობლემების აღმოფხვრა. იყო რამდენიმე ცხელი წერტილი, მამადავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზა, რომლის ძირითადი ნაწილი გაწმენდილია და დღის განმავლობაში კიდევ დავასუფთავებთ. გადაადგილების პრობლემა არ არსებობს, თუ სადმე ასეთი პრობლემაა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მოგვმართონ და ამ პრობლემას მოვაგვარებთ”, – განაცხადა სუდაძემ. რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ჯერ ზარალი დათვლილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები