ლია ჯახველაძის შუამდგომლობით, სამგორის რაიონში ავტობუსის ახალი ხაზი გაიხსნა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლია ჯახველაძის შუამდგომლობით, მის სამაჟორიტარო ოლქში ავტობუსის ახალი ხაზი გაიხსნა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, რაიონში N30 ავტობუსის დამატება, საკრებულოს ჩართულობითა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დახმარებით განხორციელდა.
„ვინაიდან ქვემო სამგორის და ლილო-ორხევის საზღვრიდან ისნის რაიონამდე სამარშრუტო ხაზი არ არსებობდა და რაიონის მოსახლეობა ფაქტობრივად მოწყვეტილი იყო ქალაქს, მოსახლეობას ძალიან უჭირდა გადაადგილება. მათ მოგვმართეს თხოვნით, დაგვენიშნა დამატებითი ხაზი. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ პრობლემის აღმოფხვრა შევძელით. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პროცესში ჩართულია მგზავრთა მონიტორინგის სამსახური, რომელიც უახლოეს დღეებში ავტობუსის გაჩერებებისა და მოძრაობის გრაფიკს მოსახლეობის ინტენსივობისა და მოთხოვნის შესაბამისად დააზუსტებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ლია ჯახველაძემ ავტობუსის პირველი მარშრუტი მგზავრებთან ერთად პირადად გაიარა.