გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ ვიზიტორების რაოდენობა 15-პროცენტით გაიზარდა
ჩვენი პრაქტიული მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი ვიზიტორების რაოდენობის 15-პროცენტიანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2015 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა “ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგია”.
მისივე ინფორმაციით, სპეციალური კამპანია 9 მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა, გარდა ამისა, საქართველოში მოწვეულ იქნა 200 საერთაშორისო ჟურნალისტი და 70-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს განხორციელდა იმისთვის, რომ მომხდარიყო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა.
“მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გარშემო ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ჩვენი პროაქტიული მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი ვიზიტორების რაოდენობის 15-პროცენტიანი ზრდა, ასევე 5 პროცენტით მოიმატა იმ ვიზიტორების რიცხვმა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტი დროით დარჩნენ, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია და ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.