გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის კურორტისა და ნავსადგურის საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც უშუალოდ ანაკლიაში, ისე მთლიანად სამეგრელოს რეგიონში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიების გამართვა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურის მიმართ გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ე.წ. “მოკლე სიაშიც” გადასულია ორი კონსორციუმი.
კვირიკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე მათგან გამარჯვებული გამოცხადდება, პროექტის განხორციელება კი 2016 წლის ზაფხულში დაიწყება.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოსთვის. ის მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს. ის დაასაქმებს ბევრ ადამიანს არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ეს არის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს საქართველოს განვითარებაში”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ანაკლიის პორტის პროექტის მასშტაბი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. მასში გათვალისწინებულია ჩინეთის დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. მისი განცხადებით, პორტის განვითარების პირველი ეტაპი არის საქართველოს გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო სამი ეტაპის განხორციელების შემდეგ, გათვალისწინებულია 20 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის შექმნა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ჩატარდება მიზანშეწონილობის კვლევები, რომელთაც საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ შემდგომი გაფართოება განახორციელოს.