ზუგდიდში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტების დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს გაესაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს ახალგაზრდებმა ზუგდიდში სპორტის სასახლის აშენების თხოვნით მიმართეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონის გუბერნატორის, ლევან შონიას ინიციატივით, ზუგდიდში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტირება წელს დასრულდება. ახალგაზრდებმა რეგიონში სტუდენტური დასაქმების პროგრამების გააქტიურების სურვილი გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას სტუდენტური დასაქმების პროგრამების დამუშავება დაავალა. მთავრობის მეთაურს კითხვა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზეც დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხაიშის თითოეულ მკვიდრს ჰესის მნიშვნელობას დეტალურად განუმარტავს და ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაში დაარწმუნოს. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები