კოლეჯ „სპექტრში“ 19 წლის ნინო პაპუაშვილი ავტომანქანის ძრავის შემკეთებლის სპეციალობას ეუფლება

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ყოველწლიურად 25 პროფესიულ პროგრამაზე 1000 სტუდენტზე მეტი იღებს განათლებას. კოლეჯში სწავლა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, რომელთაგან ერთ-ერთი სატრანსპორტო მიმართულებაა, კერძოდ – ძრავის შემკეთებელი.

ამ დროისთვის კოლეჯში ავტომანქანის ძრავის შემკეთებლის სპეციალობაზე 10 მოსწავლე სწავლობს. ერთ-ერთი 19 წლის ნინო პაპუაშვილია, ვინც ამ პროფესიას ეუფლება. პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ იგი ძალიან მონდომებულია.

ნინოს 4 ძმა და ერთი და ჰყავს. ბიჭების გარემოცვაში იზრდებოდა, ყოველთვის უნდოდა ჩართულიყო მანქანებზე წამოწყებულ საუბრებში და სურდა, თავი გამოეჩინა, მაგრამ შესაბამისი ცოდნის გარეშე არაფერი გამოსდიოდა და ხშირად აჩუმებდნენ. 9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვიდა და როდესაც საზოგადოებრივი კოლეჯის შესახებ შეიტყო, მშობლების სკეპტიციზმის მიუხედავად, ავტომანქანის ძრავის შემკეთებლის პროფესია აირჩია.

ნინოს თქმით, მეგობრებს არ გაჰკვირვებიათ მისი არჩევანი. უკვე მეორე თვეა, რაც ამ სპეციალობას ეუფლება, მაგრამ საკუთარ არჩევანს არ ნანობს, სურს ჰქონდეს საკუთარი მანქანა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, თვითონ შეაკეთებს. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა პრაქტიკაზე რომელიმე კომპანიაში გამიშვებენ. იმედი მაქვს, სამსახურში მიღებაზე უარს არ მეტყვიან მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი ვარ, ამასთან მსურს საკუთარი საავტომობილო სალონი მქონდეს, – აცხადებს ნინო პაპუაშვილი. “ტერმინი „ქალთა უფლებები“ დაკავშირებულია ყველა ასაკის ქალთა და გოგონათა უფლებებთან და თავისუფლებებთან. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს. მართალია, საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტს ნინო პაპუაშვილს სპეციალობა იმისათვის არ აურჩევია, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი დაემსხვრია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ის შესანიშნავად ართმევს თავს ე.წ. მამაკაცის პროფესიას“,-აღნიშნავენ “სპექტრში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები