„დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლეთა წარსული საქმიანობის დროს არსებულ გადაცდომებს არ შეისწავლის“

„პროექტში ჩვენ ასეთი დათქმა გავაკეთეთ, დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლეთა წარსული საქმიანობის შემოწმებას არ დაიწყებს. კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე ვრცელდება, რომელთა დადგენა და დაკვალიფიცირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოხდება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გააკეთა.

გვენეტაძის განმარტებით, მოსამართლის მაღალი დამოუკიდებლობის სტანდარტი მას ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვისგან არ ათავისუფლებს.

„ბალანსი დამოუკიდებლობას და ანგარიშვალდებულებას შორის ჩვენი ზრუნვის საგანია“, – აღნიშნა გვენეტაძემ. ქვეყნის პირველმა მოსამართლემ დამოუკიდებელი ინსპექტორის მიმართ გამოთქმულ არაადეკვატურ შეფასებებზე ისაუბრა და დისციპლინური სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოებისას იუსტიციის საბჭოსა და დამოუკიდებელი ინსპექტორების როლებზე ისაუბრა.

„ ახალი ინსტიტუტის მიმართ ბევრი არაკორექტული, არაეთიკური გამოთქმადა არაადეკვატური შეფასება გაჟღერდა. ის პრობლემები, რაც დღეს არსებობს დისციპლინური უპასუხისმგებლობის სინდრომთან დაკავშირებით და არასწორად გაგებული კორპორაციული ინტერესი, ამ ინსტიტუტის შემოღების მიზეზი გახდა. მისი მიზანი კი ზეგავლენით გაჯერებული დისციპლინური სამართალწარმოების გაჯანსაღებაა. იუსტიციის უმაღლესის საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობას დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპზე აკონტროლებს. დისციპლინური სამართალწარმოების დასასრულს დამოუკიდებელი ინსპექტორი მასალებს წარუდგენს საბჭოს, რომელიც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს თვითონ გადაწყვეტს. საბჭო უფლებამოსილია, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში, დამოუკიდებელ ინსპექტორს დამატებითი გამოკვლევის ჩატარება დაავალოს და დამატებითი მითითებები მისცეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის მატერიალურ – სამართლებრივ ჩარჩოს იუსტიციის საბჭო ადგენს, ანუ ის განმარტავს, რომელი ქმედება უნდა ჩაითვალოს, ან არ ჩაითვალოს გადაცდომად, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს ინსპექტორმა საკითხის გადაწყვეტისას“, – განაცხადა ნინო გვენეტაძ „კვირას“ პრესკლუბში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იქნება ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის აცილების შესაძლებლობაც. თუ მას მხარე, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი მოსამართლე აიცილებს, აცილების დაკმაყოფილების შემთხვევაში ინსპექტორის უფლებამოსილების იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები