ნიკო ფიროსმანის შედევრის გამოსასყიდად მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებს
ნიაზ დიასამიძემ, მეგობრებთან ერთად, უკვე მიმართა თანამოქალაქეებს ნიკო ფიროსმანის ცნობილი ტილოს, „არსენალის მთა ღამით“ შესაძენად. ნიაზ დიასამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: „დღევანდელ საუბრებში მეგობრებთან გაჩნდა იდეა, გაკეთდეს სახალხო ფონდი ქართული ხელოვნების ნიმუშების სამშობლოში დასაბრუნებლად. იმედი მაქვს, ეს ენთუზიაზმი არ გაქრება და ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას ხელოვნების გარშემო.“
ჟურნალისტებთან საუბრისას ხელოვანმა აღნიშნა, „ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ სახელმწიფომ შეისყიდოს და შემდეგ სახელმწიფოს ფული დავუბრუნოთ. ეს ცოტა იმპროვიზაციული აზრია, მაგრამ ადამიანები ვართ და გვაქვს იმპროვიზაციის უფლება. უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება ფონდი, რომლის მიღმაც ხელოვანები დგანან და მისი უპირველესი მიზანი ფიროსმანის ნახატის დაბრუნებაა.“
შეგახსენებთ რომ, ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის, ეს ნახატი იყიდება ლონდონის კრისტის აუქციონზე. სავარაუდო ფასი – 800000-დან 1200000 გირვანქა სტერლინგია.