გუშინ თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
28 მაისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან კიღურაძე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ბერიაშვილი, სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები.
წლევანდელ ფესტივალზე, საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოდგენილნი იქნებიან შარჟას წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები გაერთიანებული ემირატებიდან და გამომცემლები სხვადასხვა არაბული ქვეყნიდან.
გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით, ფესტივალს სპეციალური სტუმარი, ცნობილი სერბი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლე, ასევე სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და მისი იტალიელი ლიტერატურული აგენტი სტეფანო ბისაჩი ეწვევიან. იასმინა მიხაილოვიჩის რომანის წარდგენა საგამომცემლო პროექტის – „პავიჩი ქართულად“ ფარგლებში გაიმართება.
თბილისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალი ღონისძიებების სიმრავლითაც გამოირჩევა. იგეგმება ახალი გამოცემების პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ ავტორებთან, საჯარო კითხვა, სხვადასხვა სახის აქციები, ბლოგერების კონკურსი და დაჯილდოება, საბავშვო კუთხე პატარა მკითხველისათვის და გასართობი პროგრამა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის უცვლელი ორგანიზატორი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა. ფესტივალს ტრადიციულად „ექსპო ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონი უმასპინძლებს.