„ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 14:00 საათზე, თსუ-ს გამომცემლობის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. მიხაკო წერეთელი (1878-1965) სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა „ვეფხისტყაოსანზე“. მის მიერაა დადგენილი პოემის ქართული ტექსტიც, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ, რუსთველოლოგიისთვის ფასდაუდებელ ნაშრომად შეაფასა.
„ამჯერად, გთავაზობთ „ვეფხისტყაოსნის“ წერეთლისეულ თარგმანს, რომელიც მთარგმნელმა ბრწყინვალე გერმანულ სიტყვად აქცია. გამოცემას თან ერთვის მიხაკო წერეთლის მიერვე აღდგენილი და კრიტიკულად დამუშავებული ქართული ტექსტი“. ცენზურის გამო, მიხაკო წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“ ათწლეულების განმავლობაში უცნობი იყო ქართველი მკითხველისთვის. 29 მაისიდან, თსუ გამომცემლობის წყალობით, ეს უნიკალური ნაშრომი კვლავ საქართველოს უბრუნდება.