ირანის ელჩი საქართველოში: ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – ვერც ერთი ნორმალური საზოგადოება ვერ შეძლებს წინსვლასა და განვითარებას, თუ არ არსებობს უკმაყოფილებების გამოხატვისა და მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობა
“ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვერც ერთი ნორმალური საზოგადოება ვერ შეძლებს წინსვლასა და განვითარებას, თუ არ არსებობს უკმაყოფილებების გამოხატვისა და მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობა,” – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, სეიედ ალი მოჯანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
როგორც ირანის ელჩის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, კონსტრუქციული დიალოგი ირანის შესახებ შეიძლება დაეფუძნოს საერთო პრინციპებს: ძალადობრივ ქმედებებზე უარის თქმას, სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას და მკაფიო ზღვრის შენარჩუნებას სამოქალაქო პროტესტსა და დესტრუქციულ ქმედებებს შორის.
“სიტყვა ჩემს ქართველ მეზობლებს
„ანგარიში ირანიდან“
ირანში ბოლო კვირების მოვლენებმა საზოგადოებრივი აზრის წინაშე კიდევ ერთხელ წამოჭრა ორი ნაცნობი კითხვა; კითხვები, რომლებიც არა მხოლოდ ირანელთათვის, არამედ ყველა იმ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელთაც კრიზისის, გარდამავალი პერიოდის და სოციალური დაძაბულობის გამოცდილება გააჩნიათ.
პირველი კითხვა ასეთია: სად გადის ზღვარი სამოქალაქო პროტესტსა და პოლიტიკურ ძალადობას შორის და რატომ არის ამ ზღვრის დაცვა ნებისმიერი საზოგადოების სიჯანსაღისა და მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
მეორე კითხვა კი ისაა, თუ რატომ ირჩევს ასეთ გარდამტეხ მომენტებში ზოგიერთი გარე აქტორი დიალოგისა და სტაბილურობის განმტკიცების ნაცვლად, დაპირისპირების გამწვავების, არასტაბილურობისა და არაკონსტრუქციული ჩარევის გზას.
ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვერც ერთი ნორმალური საზოგადოება ვერ შეძლებს წინსვლასა და განვითარებას, თუ არ არსებობს უკმაყოფილებების გამოხატვისა და მოთხოვნების წამოყენების შესაძლებლობა. ამავე დროს, ისტორიული გამოცდილება — ირანში, საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ კუთხეში — გვიჩვენებს, რომ როდესაც პროტესტი სცდება სამოქალაქო ჩარჩოებს და მას ემატება ნგრევის და ძალადობის კომპონენტი, და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, მისი პირველი მსხვერპლი თავად საზოგადოება და მისი სოციალური კაპიტალი ხდება.
ირანის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გარკვეულწილად გამოიწვია ის შეშფოთება, რომ პროფესიული ჯგუფების სოციალური პროტესტი უნებლიეთ და თანდათან, ირანის ფარგლებს გარედან მომდინარე სოციალური მედიის პროპაგანდის გავლენით, შესაძლოა გადაიქცეს სივრცედ, სადაც დიალოგს ძალადობა ჩაანაცვლებს და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას ზიანი მიადგება.
ქართული საზოგადოებისთვის ეს მოდელი უცხო არ არის. თქვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ძალადობა და პროტესტის რადიკალიზაცია — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას თან ახლავს გეოპოლიტიკური კონკურენცია ან გარე ზეწოლა — საფრთხეს უქმნის მდგრად დემოკრატიასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას. ხშირად ამას არ მოაქვს სხვა შედეგი, გარდა არასტაბილურობისა და საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვისა. სწორედ ამიტომ, ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ლეგიტიმური პროტესტის და დესტრუქციული ძალადობის ერთმანეთისგან გამიჯვნა საყოველთაოდ მიღებული ეროვნული პრინციპია, რომელიც პარტიულ შეხედულებებზე მაღლა დგას.
ამ კონტექსტში ძალადობის დაგმობა არ ნიშნავს ცალმხრივ მხარდაჭერას ან პროტესტის უფლების უარყოფას. ეს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების დაცვაა: მოქალაქეთა უსაფრთხოების, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების და ერთი ოჯახის — ერის — შიგნით პრობლემების თანდათანობითი და მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობის დაცვა.
მრავალმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის პროცესები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ დაპირისპირების გამწვავებისა და ნგრევისკენაა მიმართული, ხშირად, ერთის ნაცვლად, მრავალი კრიზისის შექმნას უწყობენ ხელს. ამ წრიდან გამოსვლა კი ყველას ძვირად უჯდება. ასეთ დესტრუქციულ ქმედებებში ბოროტად გამოიყენება ეროვნული იდენტობის ისტორიული სიმბოლოები და ისეთი ღირებული ნიშნები, როგორიცაა დროშა. არეულობის მომწყობნი, რომლებიც იგნორირებას უწევენ საზოგადოების წარსულ გამოცდილებას და ხალხის ეროვნული იდენტობას, ესწრაფვიან იმას, რომ უცხოურმა ძალებმა მათი ბედის განსაზღვრაში მთავარი როლი შეასრულონ, ხოლო ასევე გარე ძალების არმია მათ მიწა-წყალს თავს დაესხას. ირანის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ამ ჯგუფების სოციალური საყრდენი არის „უცხოური მხარდაჭერა“, ხოლო მათი გავლენის ინსტრუმენტი — „გრძნობებით მანიპულირება და სამოქალაქო პროტესტის ბოროტად გამოყენება“.
მათი პიროვნების კულტი კომიკურ ფორმაში იმეორებს წარსული ეპოქის ტრაგედიას. ეს ფენომენი გვახსენებს ევროპაში 1930–1940 წლებში არსებულ იმ მიმდინარეობებს, რომლებიც ზოგჯერ ნაცისტური გერმანიის თავდასხმას საკუთარ ქვეყანაზე „გადარჩენის შესაძლებლობად“, „პოლიტიკურ წმენდად“ ან „ეროვნული წესრიგის აღდგენად“ მიიჩნევდნენ. ფრანგი ჟაკ დორიო და მარსელ დეა, ჰოლანდიელი ანტონ მუსერტი, ბერძენი იოანის რალისი, რუმინელი ჰორია სიმა — ამ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითები იყვნენ; ადამიანები, რომლებმაც სიკვდილი, ნგრევა და განადგურება მოუტანეს საკუთარ ქვეყანასა და ხალხს.
ირანი, ისევე როგორც საქართველო, ღრმა ისტორიული მეხსიერების მქონე ქვეყანაა. ირანულ კულტურაში როსტომისა და ზურაბის უძველესი ამბავი მხოლოდ ეპიკური თხრობა არ არის; ეს არის ტრაგედია, სადაც აჩქარება და გაუგებრობა სძლევს ცნობიერებასა და დიალოგს. ამ ამბავში არსებობს არაირანული ფაქტორი — „აფრასიაბი“ რომელსაც სურს შიდა ომის გაღვივება მამის (როსტომის) და შვილის (ზურაბის) დაპირისპირების გზით, საბოლოოდ კი ლამობსირანის განადგურებას.
ფირდოუსის — რომელმაც შთააგონა შოთა რუსთაველს „ვეფხისტყაოსანი“— პოემის ეს ნაწილი, საუკუნეების განმავლობაში, როგორც ერთგვარი გაფრთხილება, გვახსენებს, რომ „ძალადობამ, როდესაც იგი განსჯის უნარსა და დიალოგს ჩაანაცვლებს, შეიძლება შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანოს“.
ეს წერილი განსჯისთვის არ დაწერილა; იგი ანგარიშია ქართველი მეზობლებისთვის. კონსტრუქციული დიალოგი ირანის შესახებ შეიძლება დაეფუძნოს საერთო პრინციპებს: ძალადობრივ ქმედებებზე უარის თქმას, სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას და მკაფიო ზღვრის შენარჩუნებას სამოქალაქო პროტესტსა და დესტრუქციულ ქმედებებს შორის.
ეს პრინციპები არც აღმოსავლურია და არც დასავლური; არც სამთავრობო და არც ოპოზიციური. ისინი ნებისმიერი საზოგადოების მინიმალური წესებია, რომელსაც სურს საკუთარი პრობლემების გადაჭრა ქაოსსა და არასტაბილურობაში ჩაძირვის გარეშე.
როგორც ჩემი ქვეყნის ელჩი საქართველოში, ვთვლი, რომ ჩვენი ერები ორივენი ისტორიის გზაჯვარედინზე ცხოვრობდნენ და კარგად იციან: „არასტაბილურობა იოლად იწყება, მაგრამ მისი დასრულება არასოდეს არის მარტივი“,- წერია საქართველოში ირანის ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საელჩომ გაავრცელა.