რევაზ ლომინაძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორის რანგში, ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორის რანგში, ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივი მისიის თხოვნით, შეხვედრა გამართა ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ალექსანდერ იანეს დელეუსთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვა იმედი, რომ მათი შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გადახედვასა და გაუქმებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები